ტრისტან წითელაშვილი : ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ

ყოფილი პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წევრმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებულ ობიექტზე იმყოფებოდა, დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
წითელაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ენდობა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მზადაა, პასუხი აგოს.
ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს.
ყოფილი პოლკოვნიკის მტკიცებით, ხიდაშელმა გოდერძი ორმოცაძე სამსახურიდან მასთან მტრული დამოკიდებულების გამო გაათავისუფლა.
„მე ვიყავი თელეთის ბაზაზე, მე ჩავაყენე საქმის კურსში გენერალური ინსპექციის უფროსი ბატონი ხორბალაძე. ბუნებრივია, გენერალური ინსპექციის მეშვეობით მინდია ჯანელიძე საქმის კურსში იყო და მანაც დაიწყო ამ საქმეების ირგვლივ მასშტაბური მუშაობა და გამოძიება. ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ. ამიტომ იყო, რომ პირდაპირ უთხრა გოდერძი ორმოცაძეს, შენ ხარ მეგობარი პირადად ჩემი მტრისო, ამიტომ შენ სამსახურში არ უნდა იყოო“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის თანახმად, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო.
საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. კალანდაძის ინფორმაცით, სამხედროებმა ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნული ფაქტის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც, კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშულებს.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : გამოძიება უნდა ჩატარდეს, საუბარი გვაქვს ქვეყნის ღალატზე
შემდეგი სტატიაკლინტონმა ტრამპს მკვეთრად გაუსწრო