ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს.
კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმისთაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმედაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმპროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, ოკუპაციის სავარაუდო ხარჯების გათვლით.

banner
წინა სტატიაში2004 წელი, 6 მაისი: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“
შემდეგი სტატია“დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დადასტურებაა”