თურქული მედია ახმედ ჩატაევზე

თურქული მედია ახმედ ჩატაევზე

 

თურქული მედია ახმედ ჩატაევზე

,,თაიმერის,, მიერ მოძიებული ინფორმაციით, თურქული მედია ახმეტ ჩატაევზე დიდი ხანია წერს და მასზე თურქულენოვან საიტებში დიდძალი ინფორმაცია მოიპოვება.
თურქული მედია ახმედ ჩატაევით მას შემდეგ უფრო დაინტერესდა, რაც მის სახელს 2016 წლის 28 ივნისს სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაუკავშირდა, რომელმაც 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თურქეთის მემარცხენე ოპოზიციური ძალთა ერთ-ერთი სააგენტო ,,სოლ,,-ი, 2016 წლის ივლისის თვის დასაწყისში გავრცელებულ ანალიტიკურ სტატიაში გაკვირვებას გამოთქვამს თუ რატომ უფრო ადრე არ დააკავა თურქულმა სპცსამსახურებმა ახმედ ჩატაევი, რომელიც საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, წლების განმავლობაში ცხოვრობდა სტამბულში და ,,ISIS,,-ისთვის მეომრებს აგროვებდა… ,,ის, რომ ტერორისტი იყო, ამაზე აშშ-ც და რუსეთიც აფრთხილებდა თურქეთს და მის გადაცემას ითხოვდნენ,, წერდა თურქული მედია.
გასულ წელს უფრო მეტ ინფორაციას ჩატაევზე ყოველდღიური გაზეთი ,,იენი შაფაკი,, ავრცელებდა.
,,იენი შაფაკი,, 2016 წლის ივლისის თვეში გავრცელებულ სტატიაში, რომელიც პროსახელისუფლო ტელევიზია ,,ა ჰაბერმაც,, გაავრცელა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ,,ჩატაევი 2012 წელს ლოპოტაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოში დააპატიმრეს, თუმცა მოკლე ხანში ის, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა პრორუსულმა მთავრობამ გაანთავისუფლა,,
გაზეთის ცნობით, ახმედ ჩატაევი საქართველოდან წამოსვლის შემდეგ იმდენ ხანს ცხოვრობდა სტამბულში, რომ ,,ის, ამ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს მშობლიურ ადგილებზე უკეთ იცნობდა. ის, თითქმის 2 წელი ჩეჩნური დიასპორის ყველაზე მეტი კონცენტრაციის მქონე სტამბულის ბაშაკშეჰირის უბანში ცხოვრობდა , ხოლო 2014 წლიდან კაიაშეჰირში გადავიდა,, აცხადებს თურქული გაზეთი საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გაზეთის ცნობით, სწორედ სტამბულში გახდა ჩატევი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ლიდერი და ხალიფატისაგან ,,კონსტანინოპოლის გუბერნატორობა,, მიიღო, თუმცა ტერაქტის მომენტში ის, თავად სტამბულში არ იმყოფებოდა…
თურქული მედია, ქართულისაგან განსხვავებით, აცხადებს, რომ ჩატაევი ,,ბაი სანგურის,, (Bay Sangur) კოდური სახელით და მისი რაზმი, რომელიც რუსულად მოლაპარაკე მეომრებისაგან შდგებოდა, ISIS-ის შემადგენლობაში არა სირიაში, არამედ ერაყში იბრძოდა და ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, ის გასულ წელს საეჭვო სიტუაციაში, 200-მდე მეომართან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში მოკლეს,,. თუმცა მალევე თურქულმა მედიამ განაცხადა, რომ ჩატაევი, ცოცხალი იყო და ის მოსულთან ახლოს მდებარე ქალაქ ტელ აფერს აფარებდა თავს.
თურქეთში მყოფი ჩეჩენი ლიდერები, აჰმედ და ისა უმაროვები, მოვლადი უდუგოვი და სხვები, სტამბულის ტერაქტის შემდეგ იმდენად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდენენ, რომ მათ მიერვე 2011 წელს ,,იმარატ კავკაზის,, ერთ-ერთ ლიდერად გამოცხადებული ჩატაევი, მოღალატედ გამოაცხადეს… აჰმედ უმაროვმა ,,იენი შაფაკთან,, ინტერვიუში თავად დაადასტურა ამის შესახებ. თურქული მედიაში საემიროს ლიდერები ადასტურებდნენ, რომ ჩატაევი 2012 წლიდან უკვე ,,განკვეთილი,, იყო ..იმარატ კავკაზის,, (კავკასიის საემირო) რიგებიდან მისი მოქმედებების გამო და მას როგორც აგენტს ისე უყურებდნენ. ,,ის ,,იმარატ კავკაზიდან,, გაგდების შემდეგ ISIS-ის ერთერთმა ლიდერმა, საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილმა შეიფარა და ამ ორგანიზაციის რიგებში გააძლიერა… მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩატაევის ,,მიმღები,, თარხან ბათირაშვილი, თავად ისა უმაროვის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული და მისი ოჯახის წევრად ითვლებოდა, რაც ,,იმარატ კავკაზის,, ლიდერთა გულწრფელობაში ეჭვს იწვევს,, აცხადებს თურქული მედია

ახმედ ჩატაევი, თურქული მედიის ცნობით, სხვადასხვა დროს სულ ცოტა 6 ქვეყანაში (რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, ავსტრიაში, შვედეთში, ბულგარეთში) იყო დაპატიმრებული… ,,თუმცა მან, ციხეს ყველგან თავი დააღწია, რაც მის ღრმა აგენტურულ კავშირებზე მიუთითებს, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან,, აცხადებს თურქული მედია.
საინტერესოა გერმანიაში მცხოვრები ერთ-ერთ თურქი ბლოგერის აზრიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩატაევი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო… ,,ის ფაქტი, რომ რუსეთი მის დაპატიმრებას და გადმოცემას ყველა დონეზე ითხოვდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩატაევი რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ არ მუშაობდა. რუსეთი ამას შესაძლებელია სპეციალურად და მის დასაცავად აკეთებდა. ჩატაევი ხომ მისივე ლეგენდის თანახმად 2003 წელს რუსეთის ციხიდან გამოიქცა… აგენტების ლეგენდაც ხშირად ასე იწყება ხოლმე… სტამბულის ტერაქტიც რუსეთის ხელწერას გავს, რამე თუ, იმ პეროდში სწორედ რუსეთი ადანაშაულებდა თურქეთს ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, კავშირში და სურდა ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთა მწვავე დაპირისპირებაში გადაეყვანა ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც იმხანად ასადის რეჟიმი და სირიელი ქურთები უფრო დიდ პრობლემად მიაჩნდა ვიდრე ISIS-ი. სტამბულის ტერაქტის შემდეგ კი, ერდოღანის ხელისუფლებამ პირდაპირი დარტყმების განხორციელება დაიწყო ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციებზე,, აცხადებს მუსტაფა შექერლი.
სტამბულის ტერაქტთან დაკავშირებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გაზეთ ,,იენი შაფაკის,, რედაქტორმა იბრაჰიმ კარაგიულმა, რომელმაც ასევე დაადასტურა ის აზრი, რომ ჩატაევის მიერ მოწყობილი ტერაქტის უკან არა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ გარეშე ძალა და დიდი სახემწიფო იდგა…
,,ეს ვერანაირად ვერ იქნება ტერორისტული თავდასხმა…
ეს არც ISIS-ის, არც ქურთების მუშათა პარტიის და არც რომელიმე სხვა ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმა არ არის…
ვინც გინდათ ყუმბარა ააფეთქოს, ვინც გინდათ თავი აიფეთქოს, ვინც გინდათ ტერორისტული თავდასხმა მაწყოს, ეს ტერორისტული თავდასხმით დასახური თემა არ არის…. ეს ტერორისტული ანალიზების და გარჩევების მდგომარეობა არ არის.
აქ თურქეთზე მოხდა თავდასხმა.
ეს ტერორის მეშვეობით, ტერორისტული სახით, გარეშე ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმაა თურქეთზე,, განაცხადა გაზეთის რედაქტორმა სტამბულის ტერაქტიდან მოკლე ხანში.
რაც შეეხება თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციებს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატაევის სავარაუდო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თურქულ მედიაშიც ჯერჯერობით ქართული მედიის ანალოგიური ინფორმაციები ვცელდება, რომლის პირველწყაროც ძირითადად ქართული საინფორმაციო საშუალებები გახლავთ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშისილამაზის კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა დაუნის სინდრომიანმა გოგონამ
შემდეგი სტატია“არაფერი გაკეთდა იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთა გამოც დღეს სახელმწიფოს უხდება ბოდიშის მოხდა”- მერაბიშვილის საქმე