თურქულ-აფხაზური კრიზისი: რატომ გააძევეს თურქეთიდან აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

თურქეთის აფხაზური ორგანიზაციების ფედერაცია (აფხაზფედი) ქვეყნიდან აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ინარ გიცბას გაძევებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
დოკუმენტში, რომელიც თავად გიცბას განმარტებებთან ერთად აფხაზფედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ თურქეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობასთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით საქართველოს ზეწოლითაა განპირობებული.

,,ეს არის საქართველოს მცდეობები, დანარჩენი მსოფლიოსგან აფხაზი ხალხის იზოლირება მოახდინოს. დარწმუნებულები ვართ, მთელს მსოფლიოში კეთილი ნების ხალხი დაგმობს მსგავს ნაბიჯებს. ამავე დროს, გვწამს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთის რესპუბლიკა, როგორც დიადი სახელმწიფო, აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს” – ნათქვამია განცხადებაში.

თავად ინარ გიცბა თურქეთის აფხაზური, ჩერქეზული და მთლიანად ჩრდილოეთკავკასიური დიასპორის მიმართ წერილში აღნიშნავს, რომ მისი პრობლემით ამჟამად თანამემამულეები არიან დაკავებულები და საკითხის გადაჭრამდე ყველას სიმშვიდის შენარჩუნება ჰმართებს.

გიცბა უკვე აფხაზეთშია. ოფიციალური განცხადებები მისი ქვეყნიდან გაძევების თაობაზე თურქეთის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა, თუმცა მას უარი უთხრეს იმ დოკუმენტების მოქმედების გაგრძელებაზე, რომელთა საფუძველზეც თურქეთში თავის მოვალეობას ასრულებდა.

აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები არ გამორიცხავენ, რომ თურქულ-აფხაზური ურთიერთობების ,,გაგრილების” ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აფხაზეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება იქცა, რომელიც, მათი მონაცემებით, თურქულ-რუსული კრიზისის პერიოდში განხორციელდა. თუმცა ოფიციალური განცხადება ყარაბაღის აღიარების თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან მაშფოთებს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები”- თამარ ჩხეიძე
შემდეგი სტატიაპატრიარქის უსაფრთხოება – მეუფე დიმიტრი პირველ განცხადებას აკეთებს