თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, ერთ დაწესებულებაში განთავსდებიან

news
: news დეკემბერი 8, 2015 11:49

თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, ერთ დაწესებულებაში განთავსდებიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის პირობები იყო.

“კახა კახიშვილმა იუსტიციის მინისტრთან საქართველოს მოქალაქე პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი პირობების გაუმჯობესების საკითხები დააყენა. კერძოდ, მან იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა ერთ დაწესებულებაში განთავსება, მათი ქართულენოვანი არხებით უზრუნველყოფა, ქართული მხარის მიერ თურქეთის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის ქართულენოვანი ლიტერატურის მიწოდების საშუალება, ასევე, ქართველ მსჯავრდებულთათვის სამლოცველო ოთახის გამოყოფა და დღესასწაულებზე შესაბამისი კვების რაციონით უზრუნველყოფა სთხოვა. თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს 274 მოქალაქე იმყოფება. ქართული არხები ხელმისაწვდომია მხოლოდ სტამბოლის დაწესებულებებში, სადაც საქართველოს 121 მოქალაქე იხდის სასჯელს”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, მინისტრმა თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე პრობაციონერების საკითხიც განიხილა.
“ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არც დეპორტაციას ექვემდებარებიან და გარკვეული პერიოდი აკრძალული აქვთ თურქეთის ტერიტორიის დატოვება, რის გამოც ფინანსური და ყოფითი პრობლემები ექმნებათ. ისინი ვალდებულნი არიან აიღონ ბინადრობის ნებართვები, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნავენ უწყებაში.
თავად კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. ამასთან, მისი თქმით, სასურველია გადაიხედოს თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების საკითხი.
საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა კახა კახიშვილის თხოვნა გაიზიარა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულთა თანხმობის შემთხვევაში, მათ ერთ დაწესებულებაში განათავსებენ, ასევე, უზრუნველყოფენ ქართულენოვანი არხებით. რაც შეეხება პრობაციონერთა და გასაჩივრების საკითხებს, ბექირ ბოზდაღის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულირების პროცესი და რეფორმა უკვე დაწყებულია.
თავის მხრივ, უწყების ცნობით, მოგვარებულია საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი თურქი მსჯავრდებულების პრობლემები.
“კერძოდ, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში თურქეთის 93 მოქალაქე იხდის სასჯელს. ისინი უზრუნველყოფილი არიან თურქულენოვანი არხებით; გამოყოფილია სპეციალური სამლოცველო ოთახები, სადაც ლოცვის და რიტუალების ჩატარების საშუალება აქვთ; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასულიერო პირს; მათთვის ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი მარხვისა და დღესასწაულების პერიოდში; თურქ პატიმრებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, საქართველოს პენიტენციურ სისტემებში არსებულ ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომია თურქულენოვანი ლიტერატურა და სხვა”, – აღნიშნავენ უწყებაში.
შეხვედრებს თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძეც ესწრებოდა. თურქეთის იუსტიციის მინისტმა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე დასმული საკითხების მოგვარების ტექნიკურ დეტალებზე კი, ქართული დელეგაციისა და თურქეთის სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორ ენის იავუზ ილდირიმთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, დღეს სტამბოლში N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა და იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს შეხვდება. მინისტრი ქართველი პატიმრებს გაესაუბრება და მათი სასჯელის მოხდის პირობებს ადგილზე გაეცნობა.
კახა კახიშვილმა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში ათათურქის მავზოლეუმის მონახულებითა და მისი საფლავის გვირგვინის შემკობით დაიწყო.

news
: news დეკემბერი 8, 2015 11:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics