თურქების სპეცოპერაცია საქართველოში-იცოდა თუ არა ხელისუფლებამ?

,,თაიმერმა,, თურქეთ-საქართველოს თემაზე მუშაობისას, ინტერნეტში  თურქული სააგენტოების მიერ 20 დღის უკან  გავრცელებული, ჩვენთვის საინტერესო, სკანდალური და თან  დამაფიქრებელი ინფორმაცია აღმოაჩინა, რომელიც წესით ქართულ მედიას არ უნდა გამოპარვოდა… თუმცა სანამ თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გაგაცნობდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია მანამდე  ქართულ  მედიაში გავრცელებული ერთი ინფორმაცია გაგაცნოთ.

ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციით , თბილისში მიმდინარე წლის 21 აპრილს თურქი ბიზნესმენი სინან სარაჩი დააკავეს…

,,თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში თურქი ბიზნესმენი ფეთულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო დააპატიმრეს – ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სინან სარაჩი 21 აპრილს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამსახურმა დააკავა და მას ბრალად წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, თუმცა ის ინტერპოლით ძებნილიც კი არ არის.

“თურქეთის მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნება ჩვენთან მხილებულია შეიარაღებული დაჯგუფების წევრობაში და შიდა ხელშეკრულების საფუძველზე გთხოვთ, გადმოგვეცითო. წარმოიდგინეთ, ეს პიროვნება ინტერპოლითაც კი არ არის ძებნილი. ბრალდებით წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, მაგრამ აქ იგულისხმება გიულენის პარტიის მხარდაჭერა და სიმპათია მის მიმართ”, – ამბობს მერაბ მამულაძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდე ნასამართლევიც კი არ ყოფილა.

“დაკავებამდე ის თურქეთში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. არის ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველთა საბჭოს წევრი. შესაბამისად, ბრალდება მიუთითებს და იქ პირდაპირ აღწერილია, რომ მას მხოლოდ იმიტომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ სასულიერო შეკრებებს ესწრებოდა და შესაწირს სწირავდა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად.

“მისი ორგანიზაცია თურქეთის მხარემ შერაცხა შეიარაღებულ დაჯგუფებად. აქ საუბარი არ არის გადატრიალებაზე, შეიარაღებულ თავდასხმაზე და ა.შ. იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს წარმოდგენილ საქმეში. უბრალოდ, რადგან ეს ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში იყო და ეხმარებოდა სტუდენტებს, ეს ჩათვალეს შეიარაღებულ დაჯგუფებად.

“წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება აქვს წაყენებული და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება”, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

მერაბ მამულაძის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბიზნესმენს სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეუფარდა პატიმრობა.

“საერთოდ არ გაითვალისწინა ის არგუმენტაცია, რომ ეს ადამიანი კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს უძრავი ქონება, მისი ოჯახი საქართველოშია და ეწევა კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას. მას არანაირი მცდელობა არ ჰქონია არც თურქეთში და არც საქართველოში, რომ რაიმესთვის თავი აერიდებინა და გაქცეულიყო. ის საქართველოში 2016 წლის თებერვლიდან იმყოფება, ოფიციალურად მეწარმედაა დარეგისტრირებული, შესაბამისად, სასამართლომ სრულიად უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის შეფასებით, ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკვე კარგად ჩანს დამოკიდებულება, რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მოთხოვნით დაკავება არ განუხორციელებია.

აღნიშნულ საქმეზე “რეზონანსი” პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა მათგან კონკრეტული ინფორმაცია ვერ მიიღო. კითხვებზე, რა ბრალდებით მოხდა ბიზნესმენის დაკავება და აპირებენ თუ არა, რომ სასამართლოს მისი თურქეთში ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართონ, პროკურატურაში პასუხობენ, რომ ჯერ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს,, წერდა ქართული მედია ჯერ კიდევ გასული აპრილის ბოლოს.

ახლა კი თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაცია:

სათაური: FETÖ-ს  კიდევ ერთი სალარო დაკავებულია… FETÖ-ს ოპერაცია საქართველოში

*FETÖ – ამ სიტყვით მოიხსენიებენ თურქეთში  ტერორისტულ  ორგანიზაციად  შერაცხულ ფეტულაჰ გიულენის მხარდამჭერებს (,,თაიმერი,,)

შეგვატყობინეს, რომ FETÖ-ს ორგანიზაციის მნიშვნელოვანი  ფიგურებიდან კიდევ ერთი დაჭერილია. მიღებული ინფორმაციით, Bankasya-ს (თურქული ბანკი – რედ.) დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი, საქართველოში გაქცეული FETÖ-ს წევრი სინან სარაჩი, ფილმებს რომ შეშურდება ისეთი ოპერაციის შედეგად, დაკავებულიქნა.

შეტყობინება მოვიდა –

მიღებული ინფორმაციით, ტერორისტი სინან სარაჩმა, 15 ივლისის ამბოხის შემდეგ თურქეთი არაკანონიერი გზით დატოვა. საქართველოში გაქცეულმა სინან სარაჩმა, ასევე FETÖ-სთან დაკავშირებული პირების დახმარებით,  ამ ქვეყანაში  ხანგრძლივად ცხოვრება მოახერხა… თუმცა ამ ქვეყნიდან მიღებული ახალი ამბავი ცხადჰყოფს, რომ მისი გზა დაპატიმრებამდე მიდის. თურქეთმა, FETÖ-ს უმაღლესი წარმომადგენლობიდან ზოგიერთების საქართველოში ჰყოფნის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ქვეყანაში ერთი ჯგუფი გააგზავნა.

15 კაციანი ჯგუფი FETÖ-ს წევრზე სანადიროდ-

საქართველოდან მიღებულ ინფორმაციებზე და შეტყობინებებზე დაყრდნობით, ამ ქვეყანაში 15 კაციანი სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა. ეს ჯგუფი სინან სარაჩზე იყო კონცეტრირებული. იმ პირებზე, რომელთაც შესაძლებელია კავშირი ჰქონოდათ სინან სარაჩთან, ფიზიკური და ტექნიკური საშუალებებით თვალთვალი დაიწყო.

ისინი თვეების შემდგომ, სინან სარაჩის საცხოვრებელი სახლის  დადგენისთანავე,  ქართულ პოლიციას დაუკავშირდნენ.

ციხეში მოათავსეს-

ქართულმა პოლიციამ, თურქული ჯგუფის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სინან სარაჩის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა  და  ის დააპატიმრა. დაპატიმრებული სინან სარაჩი თბილისში, გლდანის ციხეში მოათავსეს. Bankasya-ს 2% წილის მფლობელად გამოცხადებულ სინან სარაჩის თურქული ქონება, სახელმწიფოს მიერ დაყადაღებულია… ამას გარდა თურქეთმა უკვე დაიწყო მის გადმოცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორის გათვალისწინებული მიმოწერა.

ალი ჩავუში / სააგენტო AVAZTURK   5 მაისი 2017 წ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია, ზემოხსენებული თურქული სააგენტოს გარდა კიდევ რამდენიმემ გაავრცელა – ანალოგიური ტექსტით…

,,თაიმერი,, სინან სარაჩის ადვოკატს მერაბ მამულაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს მიერ დასმულ ერთადერთ კითხვაზე

იცით თუ არა , რომ თქვენი კლიენტის გამო საქართველოში 15 კაციანი სპეცჯგუფი იყო თურქეთის სპეცსამსახურიდან გამოგზავნილი?

– გვიპასუხა: არ ვიცი. მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არ არის ცნობილი და არც საქმეში მოიპოვება მსგავსი მტკიცებულება. პირველად მესმის.

თურქული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის წაკითხვის შემდგომ, მკითხველს ალბათ ავტომატურად გაუჩნდება რამდენიმე კითხვა… მაგალითად:

იცოდა თუ არა თურქული სპეცჯგუფის მოქმედებების შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და შსს-მ?

-იყო თუ არა თურქული სპეცჯგუფის მოქმედები შეთანხმებული ქართულ სამართლადამცავ სტრუქტურებთან და რამდენად კანონიერი იყო ეს ქმედებები, რომელიც როგორც თურქული მედია აცხადებს თვეები გრძელდებოდა?

რომ არაფერი ვთქვათ თავად სინან სარაჩის დაკავების კანონიერება-უკანონობაზე, რაც ცალკე განხილვის თემაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხი შესაბამისი სტრუქტურებიდან უახლოეს ხანებში უნდა გაიცეს, რათა საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს – რასთან გვაქვს საქმე.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

www.timer.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს
შემდეგი სტატია(video) თურქეთში 6 ქართველი ქალი მკითხაობის გამო დააკავეს