თუ ტატუნაშვილის გარდაცვალება ოსი ძალოვანების ზემოქმედების შედეგია, ეს სამარცხვინო ფაქტია

ოსი ჟურნალისტი, ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ „თუ ტატუნაშვილის გარდაცვალება ოსი ძალოვანების ზემოქმედების შედეგია, ეს სამარცხვინო ფაქტია მთელი სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც დაგმობის გარდა, სხვა არაფერს იმსახურებს. ეს ტრაგიკული, სამარცხვინო ინციდენტია და თუ ოსი ძალოვანების უკანონო მოქმედება დადასტურდება, სულ მცირე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა დატოვოს“.

„დეტალები იმისა, რის გამო დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, შესაძლებელია, ადამიანი დააკავო, გაარკვიო ყველაფერი და მიიღო შესაბამისი ზომები, ეს ერთია. რაც შეეხება არჩილის გარდაცვალებას, ვთვლი, რომ თუ მისი დაღუპვა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების ზემოქმედების შედეგად მოხდა, ეს სირცხვილია მთელი სამხრეთ ოსეთისთვის და დაგმობის მეტს არაფერს იმსახურებს“,– აცხადებს თემურ ცხურბატი.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ეს არა მარტო მისი, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოაზროვნე ადამიანების პოზიციაა:

„ინფორმაციას იმის შესახებ, რა მოხდა იქ რეალურად, მალავენ, ამბობენ, რომ ის რაღაც სამხედრო ნაწილებს უღებდა ფოტოებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენს დროში უბრალოდ სასაცილოა, ადამიანს ამაში ადანაშაულებდე. ახლა ხომ ეს ფოტოები აღარავის აინტერესებს.

ჩვენი საზოგადოების აზრი ასეთი: თუ ადამინს აკავებენ, თუნდაც ის მართლაც დამნაშავეა რამეში, ის უნდა გაასამართლო კანონის შესაბამისად და არა პირადი სამართალით გაასამართლო და შეარცხვინო რესპუბლიკა. რა თქმა უნდა, ჩვენი ოფიციალური სტრუქტურები საკუთარი თავის დაცვას შეეცდებიან, თუმცა ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ადამიანების აზრი ასეთია“.

ცხურბატის თქმით, მტკიცებულებები იმისა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია, მას არ გააჩნია, თუმცა ირიბი ჩვენებების გათვალისწინებით თვლის, რომ ეს სწორედ ასეა.

მისივე ინფორმაციით, თავად „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ მიმართ ოსი ძალოვანები საკუთარ თავს მსგავსი ქმედებების უფლებას ნაკლებად აძლევენ:

„საკუთარი მოქალაქეების მიმართ გარკვეული ინციდენტები დროდადრო ხდება, ისევე როგორც ყველგან, თუმცა მთლიანობაში, ისინი კანონს იცავენ. ყოველ შემთხვევაში, აი ასე, ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე „მიპრესო“ სამხრეთ ოსეთის რომელიმე მოქალაქე – მსგავსი რამ ასე ადვილად არ ხდება. აი, საქართველოს მოქალაქეები კი, როგორც ვხედავთ, ჩვენთან ამისაგან დაცულები არ არიან და ამ მხრივ მართლაც დიდი განსხვავებაა. ადრე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართაც ხშირად ირღვეოდა კანონები, თუმცა ბოლო დროს მსგავსი ინციდენტები იშვიათად თუ ხდება“

banner
წინა სტატიაშირუსეთში ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობის მქონე ახალი სარაკეტო რაკეტა შეიქმნა
შემდეგი სტატია“ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ” – პუტინმა ახალი ატომური იარაღი წარადგინა