“თუ შეიძლება, მიაქციეთ ყურადღება, როგორი ტონი და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს ჩვენმა კოლეგებმა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.

„მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ მიაქციოთ ყურადღება, რა საოცრად კონსტრუქციული ტონი და თანამშრომლობის შესაძლებლობები შემოგვთავაზეს დღეს ჩვენმა კოლეგებმა პირველ სხდომაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს დამოკიდებულებებს, მაგრამ ძალიან გვინდა, რომ მიადევნოთ თვალი მოვლენების შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველში სიღარიბე 14%-ით შემცირდა და ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

„ჩვენ უზრუნველვყავით დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენ ვაწარმოეთ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და საქართველო დღეს რეგიონში სტაბილურობით გამოირჩევა, უჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ტრანზიტს, რომელიც უკავშირდება ახალ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს. თუ თვალს გადავავლებთ წინასაარჩევნო კამპანიას და პარტიების პროგრამებს, რომლებიც აქ ბრძანდებით ალბათ ადვილად შეამჩნევდა ყველა, რომ დაპირება იყო უკეთესი, ახალი ეკონომიკა. ოდნავ ჩავფიქრდეთ, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ყველა საუბრობს ეკონომიკაზე. ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ უზურნველვყავით ადამიანების უფლებების, საკუთრების უფლებების დაცვა. სხვა შემთხვევში ვერანაირად ვერ გახდებოდა თქვენი მთავარი დაპირება უკეთესი ეკონომიკა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საზოგადოება დღეს ითხოვს თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ ხელისუფლებას და ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე.

banner
წინა სტატიაში“მთავარი ოპოზიციური ძალა ორადაა გაყოფილი, რომელთაც სურთ კონსტრუქციული თანამშრომლობა და, რომლებიც გაბრაზებულის როლს საუკეთესოდ თამაშობენ”
შემდეგი სტატიაპარლამენტის პირველ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს