“თუ კონტრდაზვერვას დამატებითი რესურსი დასჭირდებათ, ჩვენ გასაცემად მზად ვართ”

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებას ეხმაურება.

სესიაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის გაზრდაზე საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობის“ და ხელისუფლების სხვა ოპონენტების მხრიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები კიდევ უფრო უსუსური ხდება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპოლიტიკური ორგანოა და მისი ძალისხმევა სახელმწიფოსა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისაკენ არის მიმართული.

“პრობლემა, რაზეც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა, მიზნად ისახავს იმ ადეკვატური ზღვარის პოვნას, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებას შორის უნდა არსებობდეს. ფარული მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესში ძალიან ცხარე დებატები გვქონდა. ცვლილებების იმ ფორმით განხორციელება, რა ფორმითაც ჩვენი ოპონენტები ითხოვდნენ, ეს იყო სადაზვერვო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის პირდაპირი ხელის შეშლა. ჩვენ გვსურდა, კანონმდებლობით ამ პროცესების დასარეგულირებლად „ოქროს შუალედი“ გამოგვეძებნა, რომლის გამონახვა მოხერხდა. ჩვენ ნდობა უნდა გაგვაჩნდეს ხელისუფლების მიმართ და არსებული კანონმდებლობით ეს შესაძლებელია.

დღეს კანონმდებლობით აკრძალულია პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, აკრძალულია უკანონო მოსმენა, თვალთვალი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, პროცესს ზედამხედველობას უწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს ყველაფერი სასამართლოს გვერდის ავლით რომ ხორციელდებოდეს, შესაძლოა, მისაღები ყოფილიყო ოპონენტების კრიტიკა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, მაგრამ ის ბრალდებები, რაც ამ სამსახურის მიმართ ისმის არის სრული აბსურდი“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტელევიზორში გამოჩენის გულისთვის ცრუ განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება.

„ტყუილების საუბარი მათი ცხოვრების წესია. ჩვენ უსაფრთხოების სამსახურებს ოპერატიულ დონეზე მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ, ეს მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა სასარგებლო. რაც შეეხება კონტრდაზვერვის სამსახურს, ეს სამსახური და ანტიტერორისტული ცენტრი უშუალოდ უკავშირდებიან ტერორისტულ საფრთხეებთან, სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლის პროცესზე ღიად საუბარი ცხადია, არ შეიძლება, ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს, თუ ვინმე ვინმეს უსმენს, ეს ხდება პრევენციის მიზნით ან კონტრდაზვერვითი საქმინობისთვის, ჩვენ ცხოვრება რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში გვიწევს, თუმცა, მინდა მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენი სამსახურები რისკებს დემოკრატიული მეთოდებით ებრძვიან, ფარული მიყურადება და თვალთვალი სააკაშვილის სტილი იყო, ეს მეთოდები დარჩა წარსულში“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

“ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს, დემოკრატიული ინსტიტუტების, გამართული სამსახურების ჩამოყალიბებისთვის, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ვიბრძვით, ამიტომ თუ კონტრდაზვერვის ან სხვა სამსახურებს, უკეთესად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი დასჭირდებათ, ჩვენ ამ რესურსის გასაცემად მზად ვართ, საქართველოს გაძლიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა და ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ბრენანი თვლის, რომ პარიზის თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს უხდებოდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდათ ტერაქტების მოსამზადებლად. ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს საკანონმდებლო შეზღუდვები უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს, თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში”
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე უკრაინის მთავარი პროკურორის პოსტზე განიხლება