თსუ-ში «ნაციონალები ბრუნდებიან»?

photo1638“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა რომ ყოველთვის გამოირჩეოდა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» მიმართ სიმპათიით, არავისთვისაა ახალი. ჯერ კიდევ გიორგი ავალიანის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დაიწყო განსხვავებული სტუდენტური აზრის დევნა და «ნაციონალური მოძრაობის» მხარდაჭერა. ამ ტრადიციას, ავალიანიდან მოყოლებული, მოქმედი თვითმმართველობის ხელმძღვანელ შალვა საბაურით დამთავრებული, თითოეული მათგანი „ღირსეულად“ ასრულებდა” – აცხადებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრი, რომელიც ამ ეტაპზე ანონიმად დარჩენას ამჯობინებს.
გადავხედოთ, ვინ არის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იგი მარნეულში «ნაციონალური მოძრაობის» საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო; არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ ირაკლი ხარჯივანიძის (თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი) დახმარებით გახდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი. თავად ხარჯივანიძე – „გალჩი“ ყოველთვის გამოირჩეოდა «ნაციონალური მოძრაობის» აქტიური მხარდაჭერით და არაერთი ფაქტი დაფიქსირდა მისი ჩარევით და ხელმძღვანელობით პოლიტიკურ ნიადაგზე სტუდენტების მიმართ ძალადობის.
«აღნიშნული დაჯგუფება გააქტიურდა მაშინ, როდესაც თსუ-ის კანცლერის არჩევნები მოახლოვდა. სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად გულშემატკივრობს აღნიშნულ არჩევნებში ყოფილი თვითმმართველობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ამჟამად თსუ-ის კანცლერის თანაშემწე გიორგი გაფრინდაშვილს, რომლის სახელიც არაერთხელ ფიგურირებდა «ნაციონალური მოძრაობის» სასარგებლოდ სტუდენტებზე ძალადობის ფაქტებში. გიორგი გაფრინდაშვილი, ირაკლი ხარჯივანიძე და შალვა საბაური დღეს პირდაპირი მნიშვნელობით, არიან დაკავშირებულები და ანგარიშვალდებულები «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებთან და მაქსიმალურად ცდილობენ თსუ-ში მათი გავლენების შენარჩუნებას. მოგეხსენებათ, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს და ძალიან მარტივია სტუდენტური თვითმმართველობის გზით თსუ-ის ადმინისტრაციაში დასაქმება გაფრინდაშვილისა და ხარჯივანიძის დახმარებით. გარდა 2012 წლის არჩევნებზე «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტობისა, შალვა საბაური არც მალავს, რომ აქვს კონკრეტული პოლიტიკური სიმპატიები და ღიად გამოხატავს მის დამოკიდებულებას მმართველი კოალიციის დამფუძნებლისა და მისი ოჯახის მიმართ, რაც არაერთხელ დაუდასტურებია პირად საუბრებში. საინტერესოა, რომ საბაური თვითმმართველობაში მოხვედრას პირველი კურსიდან ცდილობს. დამოუკიდებლად წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, პირველი კურსის ბოლოს იგი თვითმმართველობასაც უპირისპირდებოდა არჩევნების გაყალბების ბრალდებით, თუმცა მეორე კურსიდან ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის წევრად მოგვევლინა. 2012 წლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს, ხელმძღვანელების დავალებით, მან შექმნა ფსევდოოპოზიციური ორგანიზაცია “სტუდენტები სტუდენტებისთვის” და 7 ხმა მიიღო. მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდეგ იგი კვლავ ძველი ორგანიზაციის – ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წევრად მოგვევლინა, მალე კი – მის პრეზიდენტად. შალვა საბაური ისე გახდა თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომ არჩეული დელეგატი არასდროს ყოფილა, რაც თვითმმართველობის წესდების დარღვევაა. მისი პირველი არჩევა მხოლოდ 2014 წლის მიწურულს შედგა, როდესაც ფაკულტეტზეც კი პირველ ადგილზე ვერ გავიდა. ასეთი მეტამორფოზებით ხასიათდება ეს ორგანიზაცია და მისი პრეზიდენტი” – აცხადებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრი.
მისივე მტკიცებით, «სტუდენტების გამოყენებით შალვა საბაური ცდილობს, გაატაროს «ნაციონალური მოძრაობის» ინტერესი და კანცლერის არჩევნებში დაეხმაროს თავის თანაპარტიელ გიორგი გაფრინდაშვილს».
«აღნიშნული დაჯგუფება – საბაური, გაფრინდაშვილი და ხარჯივანიძე არიან ორიენტირებულები მხოლოდ საკუთარ და პარტიულ ინტერესებზე და არა თსუ-ის განვითარებაზე. იმედია, თსუ-ის აკადემიური საბჭო არ დააბრუნებს უნივერსიტეტს პოლიტიკური მარწუხების ქვეშ და მხარს არ დაუჭერს «ნაციონალური მოძრაობის» აღზევებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში» – დასძენს წყარო.

banner
წინა სტატიაში“დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურებაა”
შემდეგი სტატია,,ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში კანდიდატის მოხსნას განიხილავს“ – ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს