თსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 14 წევრის ასარჩევად არჩევნები 10:00 საათიდან დაიწყო. უნივერსიტეტში შვიდ ფაკულტეტზე გახსნილია შვიდი საარჩევნო უბანი. რამდენიმე ამომრჩეველმა უბნებზე ხმა უკვე მისცა.
როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დვალიძემ განუცხადა, თითოეულ ფაკულტეტს შეიძლება რამდენიმე კანდიდატი ჰყავდეს , მაგრამ მათგან აკადემიურ საბჭოში ორი წევრი უნდა აირჩიონ.
„შვიდი ქვემოკომისია შემაჯამებელ აქტებს არჩევნების დასრულების შემდეგ გადმოგვცემს და საბოლოო აქტს თსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოსცემს. საბოლოო შედეგი დღესვე გამოცხადდება და არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები დღესვე დასახელდებიან“, – განაცხადა ირაკლი დვალიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი 17:00 საათისათვის დასრულდება და ამის შემდეგ კომისია ხმების დათვლას დაიწყებს.
თსუ-ში აკადემიურ საბჭოს არჩევნებში 33 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, საიდანაც 726 აკადემიური პერსონალია, 65 – სტუდენტი. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. მათგან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ერთმა კანდიდატმა კი თავად გააუქმა განაცხადი.
11 მაისს არჩევნების ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა. არსებულ აკადემიურ საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდებათ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართენა
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან