” თქვენ უბრალოდ არ უნდა დაიზაროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე”- ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველს მიმართა

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებს მიმართა. მიმართვაში ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ხვალინდელი არჩევანი იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახების წინსვლასა და უძრაობას შორის. მისივე თქმით, ამ არჩევანზეა დამოკიდებული ვიცხოვრებთ კვლავ ოცნებებში, თუ რეალურ, თავისუფალ და ღირსეულ მომავალში შევაბიჯებთ.

„თანამემამულენო! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში და დღესაც ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერასა და ნდობას. ჩვენ ერთად ხანგრძლივი წინასაარჩვენო კამპანია გავიარეთ. შემოვიარეთ მთელი საქართველო. თქვენ გხვდებოდით დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებში. ვეცადეთ მოგვესმინა ყველასათვის და ამომწურავი პასუხი გაგვეცა ყველა თქვენს შეკითხვაზე. გაგაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა, დავინახეთ თქვენი მხარდაჭერა და ვიბრძოლებთ ბოლომდე მის შესასრულებლად. ჩვენ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი. ხვალ, 8 ოქტომბერს, უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ არჩევანი. ეს არ არის უბრალო არჩევანი რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის. ეს იქნება არჩევანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახების წინსვლასა და უძრაობას შორის. ამ არჩევანზეა დამოკიდებული, ვიცხოვრებთ კვლავ ოცნებებში, თუ რეალურ, თავისუფალ და ღირსეულ მომავალში შევაბიჯებთ. ამ არჩევანზეა დამოკიდებული, დარჩება მავთულხლართები ჩვენი სამშობლოს გულში, თუ დავიწყებთ ქვეყნის გამთლიანებას. მხოლოდ მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია გავიყვანოთ უცხო ქვეყნის ჯარი, გავამთლიანოთ საქართველო, მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან, სრულფასოვნად გავხსნათ რუსული ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის, მივაღწიოთ უვიზო მიმოსვლას არა მარტო ევროკავშირთან, არამედ უპირველეს ყოვლისა რუსეთთანაც”,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს მოსახლეობას, მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს სამიანი. „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პირდება ამომრჩეველს ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკურ გაძლიერებას.

„ერთიანი საქართველო – ძლიერი ეკონომიკა! ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და სწორედ უბლოკო სტატუსის გამოცხადება იქნება თქვენი ოჯახების კეთილდღეობის წინაპირობა! ხვალ, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ ხდება საპარლამენტო პარტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ჩვენ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ! თქვენ უბრალოდ არ უნდა დაიზაროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და შემოხაზოთ ნომერი სამი! ჩვენი შტაბები, რაიონული ორგანიზაციები, წევრი ყველა საარჩევნო კომისიაში, წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხელი ხაზის საინფორმაციო ცენტრი, მედიაცენტრი, კვალიფიციური იურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ათეულობით ათასი მოხალისე მზად არის თქვენს მიერ შემოხაზული ყველა სამიანი დაიცვას. მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე, რათა არ დარჩეს არც ერთი გამოუყენებელი ბიულეტენი. შემოხაზეთ N 3 და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა დაიწყებს გამთლიანებისა და შეუქცევად ეკონომიკურ გაძლიერებას! არც ოცნებები, არც ძალადობა – უბლოკო სტატუსი, ერთიანი საქართველო და ძლიერი ეკონომიკა! არც ერთი, არც მეორე – შემოხაზეთ მხოლოდ სამიანი“! – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვაღიარებდით არჩევნების შედეგებს”
შემდეგი სტატიაქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი 261-მდე გაიზარდა