“თქვენ ნამდვილი გმირი ბრძანდებით”

“თქვენ ნამდვილი გმირი ბრძანდებით”, – ასე მიმართეს კაპრალ თემო დადიანს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილმა სკოლის მოსწავლეებმა.
როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავღანეთში, ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამერიკული კუთხის სხვადასხვა კლუბის წევრ ბავშვებს შეხვდა. ბავშვებთან შესახვედრად ასევე მივიდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და აშშ-ის არმიის სამხედრო სამოქალაქო მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენლები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პატარების სტუმრებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბავშვები დაინტერესდნენ, რა განწყობა ჰქონდათ თემო დადიანის მშობლებს, როდესაც შეიტყვეს, რომ მათ შვილს საერთაშორისო მისიის შესრულება ავღანეთში მოუწევდა. მოსწავლეებმა შეკითხვები სამხედრო მომზადების, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობის, სამხედროების საცხოვრებელი პირობებისა და სამხედრო კარიერის შესახებაც დასვეს.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა კაპრალ თემო დადიანთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპრალი თემო დადიანი 4 წლის წინ ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და კიდურები დაკარგა. მიუხედავად ამისა, ცხოვრებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, ის აზიდვებში გინესის ორგზის რეკორდსმენია და უახლოეს პერიოდში მესამე რეკორდის მოხსნას გეგმავს. წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებში, ჩემპიონია ფარიკაობაში და აქტიურად ვარჯიშობს მკლავჭიდში; დგას თხილამურებზე და დაკავებულია სერფინგითაც.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია “რ2”-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშსს ითხოვს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” რუსეთისადმი მუქარის შემცველ ვიდეორგოლს აქვეყნებს