თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე ისევ შეზღუდვებია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, 3 საავტომობლო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული, ხოლო 4 გზაზე მოძრაობა საერთოდ აკრძალულია.

მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი-ენაკი-ლესელიძის გზის კმ 55-კმ 152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის (ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 4 საავტომობილო გზაზე:

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე.

banner
წინა სტატიაშიდანია გერმანიის საზღვარზე საპასპორტო კონტროლს შემოიღებს
შემდეგი სტატიაბაკურიანში სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა