თინათინ ხიდაშელი: სლოვაკეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის დედაქალაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ევროპის ქვეყნების მეთაურებთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„ძალიან ბევრ მადლობას ვიღებთ ავღანეთისთვის, ბევრ მადლობას ვიღებთ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანაში ტარდება,“ – ამ სიტყვებით შეაჯამა თინათინ ხიდაშელმა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ ფორუმის პირველი დღის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები. „სლოვაკეთის პრეზიდენტისგან მივიღეთ პირობა, რომ ის მაისში ეწვევა საქართველოს. ამ ქვეყნის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ,“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

თინათინ ხიდაშელმა პირველ სამუშაო დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული პოზიტიური დღე უწოდა: „გვქონდა შესაძლებლობა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ვერშბოუსთან, ასევე ჯეიმს აპატურაისთან საუბრის. ხვალაც ვაგრძელებთ ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს და განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა. გვქონდა შეხვედრა ამერიკელ გენერალთან, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, ჰქონდა პატივი ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთში ყოფილიყო“.

თინათინ ხიდაშელის თქმით, მას სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდოსთან საინტერესო წინადადებებით სავსე საუბარი ჰქონდა. „მისი მხრიდან ბევრი ინიციატივა იყო გაჟღერებული, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოსკენ მიმავალ გზაზე,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სლოვაკეთის, ლატვიისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიალექსანდერ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ჯობს პრემიერმა თავად აიყვანოს კონტროლზე რაიონებში არსებული გარემო