თინათინ ხიდაშელი: რატომ არ მიიღო საქართველომ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა

2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება – “ANAKONDA-16” ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელმაც რამდენიმე პუნქტით ახსნა მისი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება:

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას.

ბოდიშს ვიხდი ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ სხვა დროის სარტყელში ვარ და შეუჩერებლად შეხვედრები გვაქვს.

დისკუსია აბსურდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს.

პასუხი ცოტა გრძელი გამოვა, მაგრამ ვისაც მართლა გაინტერესებთ ბოლოდე წაიკითხეთ.

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში დაჯავშნილი და ა.შ.

შესაბამისად, საუბარი იმაზე რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო უსაფუძვლო და ტყუილია.

2. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ჩუტყვავილა ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყვნენ მთელი პერიოდის მანძილზე, ხოლო ჩუტყვავილა როგორც მოგეხსენებათ ადვილად ვრცელდება.

შესაბამისად, სამწუხაროდ სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ ვინაიდან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ასეულის გაგზავნა.

სამწუხაროდ ექიმები მართალი აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

3. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატო-ს.

ნაცვლად იმისა, რომ დაგვემალა ეს ფაქტი და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები, ჩვენ მოვიქეცით მაღალი პასუხისმგებლობით რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან.

4. დასტურად იმისა რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია “ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა”, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან ანაკონდაზე დასასწრებად.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, ანაკონდა ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან.

6. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით ვინაიდან პრაქტიკულად არავითარი დრო აღარ გვქონდა რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის.

ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილოების მისაღებად OCC-ის ასეული მიდიოდა. ცოტა რთული ტექსტი იქნება ეხლა მაგრამ რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა უნდა განვმარტო.

OCC (Operational Capability Concept) ეს არის პლატფორმა სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, ალფა როგორც იცით უკვე სერთიფიცირებულია Noble Partner-ის დროს და NRF-ის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლებების ციკლი. მეორე, ჩარლი მიდიოდა პოლონეთში. მას ჯერ კიდევ სწავლებების ციკლი დასასრულებელი აქვს, თანმიმდევრობა არის ერთი ჩვენთან ერთი გარეთ. ცუდია რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ. სხვა ასეული უბრალოდ ვერ წავიდოდა.

შემიძლია უფრო რთულად მოვყვე მაგრამ მგონი გასაგებია.

7. ბუნებრივია ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი რაც აქ დავწერე არ მაქვს.

კიდევ ერთელ ვადასტურებ მზადყოფნას პირდად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით რომ ნებისმიერ ფორმატში გავაკეთოთ მოხსენება, თუმცა ეს არის საკითხი სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია და შესაბამისად საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს რა მოხდა.

8. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ სადაც ის არ არსებობს“, – ნათქვამია თინა ხიდაშელის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში
შემდეგი სტატიასკოლებში სპეციალური კონტროლი იწყება რა ჩაიწერება საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში