თინა ხიდაშელმა გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ბრიუსელის ბიუროს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სესიაზე – “უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში: სად მთავრდება ევროპის თავისუფლების ზონა”, თინა ხიდაშელთან ერთად გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების საკითხში, ჯეიმი ში. დისკუსიას მოდერატორობას გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი იან ლესერი უწევდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები.
“საინტერესო დიალოგი იყო. ყოველთვის მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქებში იმ საზოგადოებასთან საუბარი, რომელიც ერთგვარად ქმნის აზრს, მუშაობს როგორც საკუთარი ქვეყნის მთავრობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის მთავრობა, რომლის წევრიც მე ვარ, არასდროს იშურებს დროს და ენერგიას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ და მივაწოდოთ საქართველოს წუხილი და გამოწვევები, ერთად ვეძებოთ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მცდელობით საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღება”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა იან ლესერმა კი აღნიშნა, რომ გერმანიის მარშალის ფონდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ფონდში სტუმრად გვყავს თავდაცვის მინისტრი და ჯეიმი ში ნატო-დან. მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ საქართველოს პერსპექტივა და ვიცოდეთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით. გერმანიის მარშალის ფონდი ძალიან დაინტერსებულია საქართველოს საკითხით, ნატო-ს გაფართოების თემით და შესაბამისად, ამ თემაზე დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა იან ლესერმა.

banner
წინა სტატიაშინატო-მ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ახალი სტრატეგია მიიღო
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს