თინა ხიდაშელი ლატვიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლატვიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის მთავარი თემა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელ პროცესს შეეხებოდა.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე ვხვდებოდეთ როგორც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მინისტრებს, რათა დღეიდან საბოლოო შედეგის მიღწევამდე გასავლელი სტრატეგია დაიგეგმოს.

უწყების ინფორმაციით, ლატვიის პირველ დიპლომატთან ედგარს რინკევიჩთან შეხვედრაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიმართ ლატვიის სრულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება. ბოსნია და ჰარცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

„ბოსნია და ჰერცეგოვინა პარტნიორი ქვეყნების იმავე ჯგუფშია, რომელშიც საქართველო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთობლივად დავგეგმოთ სამოქმედო ნაბიჯები მომავალი სამიტების კონტექსტში, რაზეც შევთანხმდით,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ანდრეი გალბურთან გამართული ორმხრივი შეხვედრა შეაჯამა.

„მოლდოვასთან უამრავი საერთო პრობლემა, საერთო წარმატება გვაერთიანებს. ქართულმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით თავდაცვის ტრანსფორმაციაში, ძალიან ბევრი გააკეთა, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოლდოვას მიერ. მათი მხრიდან არის სურვილი და მზაობა, რომ ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. საქართველოში იყო მოლდოვას თავდაცვის მინისტრი და ჩვენ დეტალურად გავიარეთ ეს თემები. მაისის ბოლოს ჩამოდის მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ, თუ რითი შეიძლება საქართველო დაეხმაროს მოლდოვას”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი – გაბაშვილი NDI-ის კვლევების შესახებ
შემდეგი სტატიააქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩება