თინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე, საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებს წარმატება აუცილებლად მოვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მსოფლიოში დღეს ბევრი ნეგატივია და როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირს სჭირდება პოზიტიური მაგალითები. ხიდაშელის თქმით, ამ პოზიტივის მაგალითები ყოველდღიურად იქნება საქართველოში.

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირფასია ვარშავის სამიტიდან ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი გამოვიდეს.

„ჩვენი, როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის ამოცანაა, რომ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატო-ს, რომლებიც ვინმეს შეუქმნის განცდას, რომ ალიანსის წევრ სხვადასხვა ქვეყნებში ცალკე დღის წესრიგი არსებობს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს აქვს საკუთარი ამოცანები, რაც უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მდგომარეობს.

„ჩვენი ამოცანაა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ის არის დღეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსში იქნა მიღებული ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ამბიციები გაცილებით უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა – პასუხისმგებლობის საკითხს ურთიერთობებში“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველო ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ნატო-ს ერთგული და ლოიალური პარტნიორი იყო და ცდილობდა დაემტკიცებინა, რამდენად ღირებულია კავკასიაში საიმედო პარტნიორის ყოლა.

„ჩვენი სამხედროების უმწიკვლო რეპუტაცია, რომელიც მათ შექმნეს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მისიების მიერ წარმოებულ ოპერაციებში, არის ალბათ საუკეთესო გზავნილი და საუკეთესო საშვი ამ ორგანიზაციების კარზე კაკუნისთვის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რასაც ქართული სახელმწიფო ამ წლების განმავლობაში აკეთებდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა და საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის ასევე დაასახელა ქვეყანაში გატარებული რეფორმები და ქართველი ხალხის უპირობო ევროატალანტიკური არჩევანი.

ხიდაშელის თქმით, დღევანდელმა სამყარომ – ტერაქტებმა, ასევე ჩვენს სამეზობლოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ერთხელ დაადასტურა, რამდენად დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასი ორი ღირებულება – მშვიდობა და ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ.

„სამწუხაროდ, დღეს ორივე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქართული სახელმწიფო, როგორც ყოველთვის, მზად არის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით იდგეს ამ ორი მთავარი სიკეთის – მშვიდობის და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, – დასძინა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ასეთ დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან, შესაძლოა, პირიქით, დაგვაშოროს კიდეც
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს