თინა ბოკუჩავა კახაბერ კუჭავას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კომიტეტის თავმჯდომარეს, კახაბერ კუჭავას ღია წერილით მიმართავს.

ბოკუჩავა კუჭავასგან ითხოვს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს კომპანია RMG Gold-ის საქმიანობას და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინტერესებს აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ კუჭავამ მისი მისამართით არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს. „ინტერპრესნიუსი“ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” 14 მარტს მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს, შეიქმნას საგამოძიები კომისია ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში, კომპანია RMG Gold-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს ამავე მუხლის ა) ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

სხვა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან ერთად, რომელიც უკავშირდება RMG Gold-ის საქმიანობას ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში, როგორიცაა უკანონოდ მიწის მითვისება, სამართალდამცავ ორგანოებთან უკანონო კავშირების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალის დაფარვა და დაკისრებული სანქციების თავიდან აცილება და სხვა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ასევე იკვეთებოდეს ინტერესთა კონფლიქტი და პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ამ კომპანიის ბიზნეს საქმიანობასა და თქვენს კანონშემოქმედებით საქმიანობას შორის.

3 აპრილის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე კომპანია “ამბრელა ენტერპრაიზის” დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქმიანობის შესახებ, თქვენ დაადასტურეთ, რომ აღნიშნული კომპანია, რომელიც ფორმალურად თქვენი ძმის მფლობელობაშია, თუმცა, რომლის ფინანსურ ბენეფიციარად დღემდე თქვენ ფიგურირებთ, RMG ჯგუფში შემავალი კომპანიების სასარგებლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე აწარმოებდა ოქროს შემდგომი მოპოვების მიზნით საძიებო სამუშაოებს. ამავე კომიტეტზე თქვენ განმარტეთ, რომ აღნიშნული საძიებო სამუშაოები შემოიფარგლებოდა გეოფიზიკითა და სინჯების მოპოვებით. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები არ შემოიფარგლებოდა იმ საძიებო მეთოდებით, რომლის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ კომიტეტის სხდომაზე და ასევე მოიცავდა ინვაზიურ და გარემოსთვის პოტენციურად სერიოზული ზიანის მქონე მეთოდებს, მათ შორის საბურღი დანადგარების შეყვანის მიზნით ტყის მასივის ჩეხვას და სხვა.

საკითხის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ფრაქციის მიერ მოთხოვნილი საგამოძიები კომისიის შექმნა, ხოლო მისი შექმნისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კომიტეტის ფარგლებში შექმნათ შესაბამისი ჯგუფი, მათ შორის მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით სამოქალაქო სექტორიდან (ე.წ. Commission of Inquiry), რათა საზოგადოებამ მიიღოს პასუხები inter alia შემდეგ კითხვებზე: რა პერიოდში ატარებდა “ამბრელა ენტერპრაიზი” საძიებო სამუშაოებს დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში; რომელ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მუშაობდა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” აღნიშნული საძიებო სამუშაოების შესრულებისას; რა კონკრეტულ მეთოდებს იყენებდა „ამბრელა ენტერპრაიზი” საძიებო სამუშაოების ჩატარებისას; რა შესაძლო ზიანი შეიძლება მიყენებოდა გარემოს ზემოხსენებული საძიებო სამუშაოების შედეგად; რა ოდენობის ფინანსური სარგებელი ნახა კომპანიამ და პირადად თქვენ საძიებო სამუშაოების განხორციელების შედეგად და რომელ კონკრეტულ პერიოდში იქნა დარიცხული აღნიშნული ფინანსური სარგებელი; არის თუ არა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” ასევე ჩართული მოპოვების სამუშაოებში კომპანია RMG Gold-თან და RMG ჯგგუფში შემევალ კომპანიებთან ერთად.

აღნიშნულ კითხვებზე საზოგადოებისთვის სარწმუნო პასუხების მისაღებად საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც თანმიმდევრულად გამორიცხავს ეჭვებს პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს მხოლოდ თქვენი კომიტეტზე გაჟღერებული არათანდმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, სადაც ჯერ უარყავით ,,ამბრელა ენტერპრაიზის” კავშირი RMG Gold-ის საქმიანობასთან, ხოლო შემდგომ დაადასტურეთ, რომ თქვენი კუთვნილი კომპანია აწარმოებდა საძიებო სამუშაოებს დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, შემოთავაზებული ჯგუფის ფარგლებში, გთავაზობთ გამოიკითონ თქვენი და პარტნიორი კომპანიის თანამშრომლები, საძიებო სამუშაოების უშუალო შემსრულბლები, დაბაში მცხოვრები მოსახლეობა, ლიზენციების გაცემაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და სხვა“, – ნათქვამია ბოკუჩავას წერილში.

banner
წინა სტატიაშიშეღავათიანი სამგზავრო ბარათების გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა და დაბლოკვა
შემდეგი სტატიავეფხია ბაქრაძის შვილი : მამაჩემი რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, ცხოვრება ყველას დაგვინგრია