თეთრუაშვილმა მამალაძეს გველის შხამის ყიდვა სთხოვა-ახალი დეტალები ე.წ. ციანიდის საქმეში

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ მამალაძე 2016 წელს შორენა თეთრუაშვილის დავალებით, გველის შხამსაც ეძებდა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შხამისთვის თეთრუაშვილმა მამალაძეს 500 დოლარი გადასცა. გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას რამიშვილი განმარტავს, აღნიშნული ფაქტი საკუთარ ჩვენებაში მამა გიორგიმ თავად ახსენა, რის საფუძველზეც დაიკითხა ის პირი, ვისგანაც ცდილობდა დეკანოზი გველის შხამის ყიდვას.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა შეეცადა, რომ ამ პირის დაკითხვით ბრალი გაემყარებინა და ”გამოეყვანა ისე, რომ დეკანოზი ამ პირისგანაც ციანიდის შეძენას ცდილობდა”, თუმცა როგორც მიხეილ რამიშივილი აცხადებს, საგამოძიებო უწყებას ეს არ გამოუვიდა.

”ეს მოწმე რომ ცრუობდა, ექსპერტიზის დასკვნით გამოჩნდა. პროკურატურა მისი დახმარებით ცდილობდა ბრალის გამყარებას, თითქოს ამ საქმეში მხოლოდ ირაკლი მამალაძე კი არ ამხელს, ვითომ ადრეც სცადა ციანიდის ყიდვა. არადა, მამა გიორგი ჩვენებაში წერს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა გველის შხამის შოვნა. უთხრა, მალამოების დასამზადებლად მჭირდებაო და 500 დოლარი მისცა. ეს მოხდა მაშინ, როცა შორენა ბათუმში იყო – 2016 წლის ზაფხულში. მამა გიორგი შეეცადა, ეშოვა და დაუკავშირდა კაცს, რომლის ვინაობას ახლა ვერ დაგისახელებთ. სწორედ ეს პირი დაასახელა მამა გიორგიმ ჩვენებაში და ამის შემდეგ დაჰკითხა ის გამოძიებამ. მაშინ მას ჰკითხა მამა გიორგიმ, გველის შხამი სად ვიყიდოო? ლაპარაკი იყო ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებზე… გაშიფრულია მამა გიორგის სატელეფონო საუბრები, მიმოწერა და მეილი. რუსულად არის მიმოწერა, სადაც გველის შხამზეა ლაპარაკი. ის კაცი სწერს, იყიდება, მაგრამ ოფიციალური პროცედურებია საჭირო, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიძლება ყიდვაო. სთხოვა შორენამ და მამა გიორგიმაც გაიკითხა, მაგრამ ვერ უშოვა გველის შხამი”, – განაცხადა მიხეილ რამიშივლმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად ის პირი, ჩვენებაში წერდა, რომ მამა გიორგიმ მას ციანიდის შეძენა სთხოვა, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, ჩვენება განმეორებითი დაკითხვის შემდეგ შეიცვალა.

”ის პირი ჩვენებაში წერდა, ციანიდის შეძენა მთხოვაო, მაგრამ არ დადასტურდა. მერე ისევ დაჰკითხეს და ჩვენება შეცვალა, გველის შხამი და ციანიდი ერთი და იგივე მეგონა და ამიტომ ვთქვი ციანიდიო. ის 500 დოლარი მამა გიორგის შორენასთვის არ დაუბრუნებია, რადგან შორენამ ციანიდის შეძენა სთხოვა და უთხრა, ის ფული მაგაში გამოიყენეო”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ხდება უფრო და უფრო ღრმა – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატია26-29 მაისს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება