თეა წულუკიანი: ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც სამედიცინო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების გაყალბება ტრანსნაციონალური დანაშაულია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და ამ კუთხით მთავრობამ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლონ.

თეა წულუკიანმა იმ საკანონმდებლო ბაზასა და ინსტიტუციურ მექანიზმებზე ისაუბრა, რაც მედიკამენტების გაყალბების დანაშაულთან წარმატებული ბრძოლის საშუალებას იძლევა.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ბაზას ქმნის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, კრიმინალიზებულია უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კი პასუხისმგებლობას აწესებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისათვის. თუმცა, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, წამლების გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის შესაძლოა, კანონმდებლობა კიდევ დაიხვეწოს.

იუსტიციის მინისტრმა ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, რომლის თითოეული მიმართულება არის ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპზე დამყარებული. ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია მიმართულია ნარკოტიკების მოთხოვნისა და მიწოდების შემცირებისკენ, ნარკომანიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებისკენ, მონიტორინგისა და კოორდინაციის გაძლიერებისკენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ანტინარკოტიკული პოლიტიკა ძალიან მგრძნობიარე თემაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება არის კვლავ განსახორციელებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების შესახებ; მიმოიხილეს ის საფრთხეები, რომლებსაც ასეთი წამლები მომხმარებლების ჯანმრთელობას უქმნის. კონფერენციის დიდი ნაწილი სამედიცინო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიკამენტების ფალსიფიცირების პრევენციის საკითხებს დაეთმო. შედგა თემატური სესიები, რომელთა ფარგლებშიც ღონისძიებების მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების კუთხით არსებული პრობლემებისა და მათთან ბრძოლის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში სამუშაო ადგილები მიაჩნიათ- GFK კვლევა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს