თეა წულუკიანი ბელარუსში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს უსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელარუსში იმყოფება და საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.

კომერციული მედიაციის თემაზე მიმდინარე ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იმართება, სადაც იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობენ. მინისტრთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

თეა წულუკიანი ფორუმის საბჭოს წევრებს საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმის შესახებ ესაუბრა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს. რეფორმა კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. ამ რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორც სასამართლო, ისე სანოტარო მედიაციის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარებაა, რომელიც სამოქალაქო დავების სწრაფი და ეფექტური მოგვარების ალტერნატიული ხერხია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია როგორც მოქალაქის თუ ბიზნესის დროისა და ფინანსების დაზოგვა, ისე სამოქალაქო კოლეგიების დიდი ოდენობის საქმეებისგან განტვირთვა. ამასთან, ხსენებული რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას.

რეფორმის იდეა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და მას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს.

იუსტიციის მინისტრს მასპინძლობას უწევს ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი.
ფორუმი ორდღიანია და ის 12 ოქტომბერს სრულდება.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი ზონის წევრი სუს-ის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ნაცების საქმეში მტერი ჩაერია…