თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა

GARIBASHVILIთბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითიც ოფიციალურად გაიხსნა აბრეშუმის რკინიგზა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური მატარებელს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ის გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობას.

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული აბრეშუმის გზის პროექტი.
“დღეს მართლაც ისტორიული დღეა. აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში “აბრეშუმის გზა” იყო ყველაზე მნიშვნელვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, “აბრეშუმის გზით” ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დრო 5-ჯერ მცირდება. “აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე. ხოლო “აბრეშუმის გზა” ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ვაწარმოოთ ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ 3-5 დღეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაიგზავნოს”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. “ჩვენ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა 2 წლის წინ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ჩავატარეთ აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩინეთთან განსაკუთრებით დავაახლოეთ და გავარღმავეთ ურთიერთობები ბოლო 2 წლის განმავლობაში. ვიყავი ჩინეთში ვიზიტით, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დაიწყებოდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა ქუმსიშვილმა ჩინეთში ხელი მოაწერა აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მემორანდუმს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის მორიგი სკანდალური პოსტი-პანდორას ყუთი გაიხსნა !!!!
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს