თბილისის საკრებულოს წინ დაკავებულებთან ადვოკატს, საშვთან დაკავშირებული პრობლემის გამო, არ უშვებენ

თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული რვა პირი ამ დრომდე თბილისის პოლიციის სამმართველოში იმყოფება. დაკავებულების ადვოკატი სამმართველოში შესვლას და მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან გასაუბრებას, საშვთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, ვერ ახერხებს.

ადვოკატის, ივანე პეტრიაშვილის, თქმით, ჯერჯერობით საშვის დაშვება ვერ ხერხდება.

ადვოკატის ინფორმაციით, აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე, პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი.

ივანე პეტრიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ითვალისწინებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი დარღვევები არ მომხდარა.

„ჩვენ შევხვდებით ახლა დაკავებულებს. ასევე, შევხვდებით იმ პირებს, რომლებმაც განახორციელეს დაკავება და მოვითხოვთ მათი ხელწერილის წესით გათავისუფლებას,“ – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.

ადვოკატმა სამმართველოში შესვლასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები უკვე აცნობა სახალხო დამცველს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას.

პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ასევე, იმყოფებიან ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის, ოჯახის წევრები.

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სიტუაცია კოტე იოსელიანის სიმამრის მისვლის შემდეგ დაიძაბა. სამმართველოსთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოტე იოსელიანის სიმამრმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მისი სიძე შენობაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა – ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან
შემდეგი სტატიათანა ბოკუჩავა – მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე ლექციებს უნდა კითხულობდეს დემოკრატიაზე, ის გაიტაცეს აქციიდან