თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება

მსოფლიო ვარსკვლავები სამონასტრო კომპლექს “ახალი ბანას” მშენებლობისთვის საჭირო სახსრების შესაგროვებლად ერთიანდებიან. დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.

სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის – „ახალი ბანას“ მშენებლობისთვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ორგანიზებით, ერთიანდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართველ მსმენელს ეძლევა შანსი ოპერის სცენაზე, ერთად იხილოს და მოუსმინოს ისეთი ვარსკვლავების შემოქმედებას, როგორიცაა – მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებს სამების გუნდი. შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას.

აღდგომის სახელობის „ახალი ბანას“ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდით აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „ახალი ბანას“, საუკუნის პროექტად წოდებულ კომპლექსს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისთვის „ბანას“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.

ქველმოქმედების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 0 901 700 307
მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებმა, ზარის ღირებულება 1 (ერთი) ლარი ან ჩარიცხონ თანხა შესაბამის საბანკო ანგარიშის ნომრებზე:
• თიბისი ბანკი: GE13TB7894136050100003 (შესაძლებელია ჩარიცხვა TBC PAY-ის აპარატებითაც: მთავარი >> სხვადასხვა >> ქველმოქმედება >> ფონდი ბანა)
• საქართველოს ბანკი: GE56BG0000000781425400
• ლიბერთი ბანკი: GE87LB0115142043269001/ GEL; GE60LB0115142043269002/USD; GE33LB0115142043269003/EUR
თითოეული შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში. ღონისძიების თანამონაწილეა კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის პალატა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე biletebi.ge და ოპერის სალაროებში.

banner
წინა სტატიაშიოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს