თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურს საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტების მოკვლევა დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაქვს ფოტოსურათები, სადაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები და შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან გულსადაწყვეტია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები სკვერებშიც ფიქსირდება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ხშირია.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ. მესმის, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს. ჩვენ ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გავაგრძელებთ და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, ვერ შევძლებთ თბილისს აღვუდგინოთ და მისი ისტორიული იერსახე შევუნარჩუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიყოველ შაბათ-კვირას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართება
შემდეგი სტატიაეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა