თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას განახორციელებს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, ეს როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტია.

„კერძოდ, ეს იქნება მეტრო მარჯანიშვილიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ 46 სახლის რეაბილიტაციას, მეორეს მხრივ, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, გზის საფარის აღდგენას, გარე განათებას, ასევე, დამატებით საზოგადოებრივი სივრცეების გაკეთებას, მშრალი ხიდის ქვეშ გვირაბის გაკეთებასა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას, რაც როგორც ტურისტული, ასევე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ დღეს მთავრობაზე, ამ პროექტის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ და მივიღეთ თანხმობა, გამარტივებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოხდება კომპანიების მხრიდან ფასების წარმოდგენა, ფასთა გამოკითხვა და შესაბამისად საუკეთესო პირობების მქონე კომპანიების შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხელისუფლების წევრებმა პრემიის სახით 140 ათასი ლარი გამოიწერეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა