“თავისუფალი დემოკრატები” შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გამოაშკარავებულ სკანდალურ ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას შეუძლია გათელოს ყველა ინსტიტუტი

თავისუფალი დემოკრატები რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან, რომელშიც შსს-ს შესყიდვების ყოფილი ხელმძღვანელი სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს და უწყებაში არსებულ კლანური მმართველობის სქემას ააშკარავებს. რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები უკავშირდება კაბელების საქმესაც, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი სასჯელს იხდის.

თავისუფალ დემოკრატებში განმარტავენ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიების ჩატარების საფუძველს იძლევა.

„ვთვლით, რომ ამ სიუჟეტში ბაჯელიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმაზე, რომ მას კონკრეტული თანამდებობის პირები შსს-ში აიძულებდნენ სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით კონტრაქტი გაეფორმებინათ კონკრეტულ კომპანიასთან და მას განეხორციელებინა მომსახურება შსს-სთვის არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის შემცველი და დღესვე პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ასევე აუცილებლად უნდა იქნეს გამორკვეული ის საიდუმლო ბრძანება, რის საფუძველზეც მოხდა ამ შესყიდვების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ მას შეეწინაღმდეგენ ის ადამიანები ვისაც ამის შესრულება ევალებოდათ.

“ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გვარებს, რომლებზეც ბატონი ბაჯელიძე საუბრობდა-ჩხენკელი, დანელია და ჯანყარაშვილი, რომლებსაც როგორც ბაჯელიძე ამბობს ჰქონდათ გარკვეული ინტერესი ან ჩართულობა ამ საკითხზე აუცილებელია მათი გამოკითხვა რათა დადგინდეს სიმართლე და ნათელი მოეფინოს იმას, რომ კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა ჰქონდათ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებს,“-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პოსტსკრიპტუმის სიუჟეტში ნაჩვენებ კომპანია დელტაკომის ხელმძღვანელზე.

„ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ გადაცემაში ვრცელ ინტერვიუს იძლევა დელტაკომის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და რომ არა ღარიბაშვილი ის ვერ მოაწესრიგებდა მის კომერციულ ინტერესებს. ეს საეჭვო და და გამოსაძიებელია. ასევე ისიც, რომ მას არ უნდოდა კაბელების ტენდერში მონაწილეობა და იძულებული იყო მოეღო მონაწილეობა რაც ასევე ბადებს ეჭვებს, რომ მათივე საჩივარი რის გამოც დაიწყო გამოძიება კაბელების საქმეზე ესეც არის სავარაუდოდ შეთხზული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება,“- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიზაზა კედელაშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის დაპირისპირება ლაშა გოგიას ცემით დასრულდა