„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

„თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შალვა შავგულიძის განცხადებით, ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მუშაობიდან გამომდინარე, პოზიტიური შედეგის მოლოდინი არ აქვთ.

“ჩვენ შევეცდებით, მუშაობის პროცესში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა “ქართული ოცნება“ დავარწმუნოთ, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის საყოველთაო წესით, კონსტიტუციით გათვალისწინებული არჩევის შეცვლა პარლამენტის მიერ მისი არჩევით. ეს გამოიწვევს იმას, რომ “ქართული ოცნება“ აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მოაქცევს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯერჯერობით არ არის “ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ასევე მათი ინიციატივა იქნება, რომ პარლამენტი დაკომპლექტდეს პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან, რაც გამოიწვევს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. შავგულიძის განმარტებით, გადასახედია პროკურატურის საკითხიც.

“მიგვაჩნია, რომ გადასახედია პროკურატურის ადგილი, ვინაიდან პროკურატურა ბოლო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაშია და ამან მოგვცა ძალიან ცუდი შედეგი. ჩვენ გვაქვს პოლიტიზებული პროკურატურა, როგორც წინა ხელისუფლების დროს. ასევე, კონსტიტუციაში უნდა აისახოს ის დებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს უფლებამოსილება. კერძოდ, მას შეეძლოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების შეფასება საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, თუ „თავისუფალი დემოკრატები“ ნახავენ, რომ ოპოზიციის აზრი საკონსტიტუციო კომისიაში არ არის გათვალისწინებული, მათ შესაძლოა კომისია დატოვონ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს