თავისუფალ მედიაზე თავდასხმა – ეუთო აფგან მუხთარლის გასამართლებას ეხმიანება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გასამართლებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ მწვავე განცხადებით ეუთო ეხმიანება. თავისუფალ მედიაზე თავდასხმა – ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბელაქნის რაიონული სასამართლოს განაჩენი ცრუ ბრალდებებს ეფუძნება და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის აშკარა მაგალითია.

“დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმება დაუშვებელია. იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო ამ ვერდიქტს გააუქმებს,” – აღნიშნავს ჰარლემ დეზირი.

მისივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუხთარლი კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებებით გაასამართლეს მაშინ, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს.

ეუთოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

ეუთოს განცხადებას ოფიციალური ბაქო უკვე გამოეხმაურა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს და მასთან სოლიდარულ ყველა ინსტიტუტს აზერბაიჯანთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული, ობიექტური არატენდენციური მიდგომა მართებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, 51-ე საჯარო სკოლის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია