თავდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის წლიური საბიუჯეტო სახსრების 92%, შსს-ს 99%, სუს-ს კი 92% აქვს ათვისებული

პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების 9-თვის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ასევე, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში განიხილეს.

მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების ნაწილში თავდაცვის სამინისტრომ – 92%, შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 99%, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა – 92% და დაზვერვის დეპარტამენტმა – 90.2% შეადგინა.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს საანგარიშო პერიოდის ფინანსური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და როგორც შემოსავლებზე, ასევე მათ ხარჯვით ნაწილზე დეტალურად ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ცხრა თვის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7% შეადგინა. წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 74.6%-ით შესრულდა ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის მიხედვით 75.5% შეადგინა. რაც შეეხება შემოსულობების მაჩვენებლებს – 9 თვის მონაცემებით იგი 7 186 235 9 ლარს შეადგენს, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 104.8%.

ასევე დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლებია როგორც გადასახადების შესრულების ნაწილში, ასევე გრანტების და სხვა შემოსავლების კუთხითაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადების მობილიზება – 103.5%, გრანტების მაჩვენებელი – 164.8% და სხვა შემოსავლები 115% შესრულდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ათვისებას და მის ხარჯვით ნაწილს – ამ მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 97.5%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა
შემდეგი სტატიაბაქოს სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა