თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეაჩერა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა. 650 ტონიანი თურქული ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად.

აღსანიშავია, რომ თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და სამი დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორტზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.

ძებნის ოპერაციაში, თუქრული მხარის პარალელურად თავდაპირველად ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წრთვნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.
გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თვდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ერთ-ერთი ელჩის შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს