თავდაცვის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი “შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის” გაცნობა იყო. პროექტის დეტალებზე კონცეფციის ავტორმა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ისაუბრა. სტუდენტების კითხვებს კი თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.
“ჩვენ აქტიურად დავდივართ უნივერსიტეტებში და ვხვდებით საუნივერსიტეტო საზოგადოებას. დღეს ის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც, იმავდროულად, გაერთიანებულები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამხედრო საკითხებზე მუშაობენ და პერიოდულად მართავენ ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ისინი, როგორც ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაინტერესებული ადამიანები, ჩვენგან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ და ამიტომ გადავწყვიტეთ, ცალკე შევხვედროდით. რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე შევხვდით სტუდენტებს და შეხვედრებს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვლავ გავაგრძელებთ. მზად ვართ, ნებისმიერ უნივერსიტეტში მივიდეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით – გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. ჩვენთვის ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. “შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია” იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც.
საჯარო დისკუსიის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჯერ საკითხის განხილვაში, შემდეგ კი რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებში.
banner
წინა სტატიაშიოპერის თეატრში 23 აპრილს ორი რეკვიემის პრემიერა შედგება
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტიზე გადაღებულ ფილმში თბილისის ხედები მოხვდება