თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველ სამხედროებსა და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაიწყო.

თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვალდიმერ ჩაჩიბაიას გერმანულ სამხედრო ბაზაზე ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების მე-10 სატანკო დივიზიის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერმა უმასპინძლა.

შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საქართველოს დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, საქართველოს სამხედრო ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში, პოლკოვნიკი დავით მამულაიშვილი და 37-ე მექანიზირებული ბრიგადის 391-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ფოლკერ ორტლოფი.

ლევან იზორიამ გერმანელ გენერალს ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნაში ქართველი სამხედროების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მისიებში ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული და გერმანული სამხედრო კონტინგენტები ერთობლივად 2014 წლიდან მონაწილეობენ, რამაც მათ შორის ურთიერთთავსებადობა საგრძნობლად გაზარდა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გასული წლის 10 ნოემბერს ავღანეთში, გერმანულ საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. „ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აქ გადიან წვრთნებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. მათ ეს მისიის შესრულების დროს დაადასტურეს. ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რასაც ნატოს სტანდარტები ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრიგადის გენერალმა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სტუმრობისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

„გვეამაყება, რომ გერმანიაში ქართველი ჯარისკაცები მომზადებას გადიან. ჩვენ ქართველ სამხედროებს სამჯერ გავატარეთ გადასროლისწინა მომზადება, ეს კი ჩვენთვის უკვე მეოთხე კონტინგენტია. თქვენ შეგიძლიათ ქართველი სამხედროებით იამაყოთ. ისინი ძალიან პროფესიონალი, მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები არიან და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ქართველი სამხედროების აქ ყოფნა. ბოლო კონტინგენტი, რომელიც აქ მომზადდა ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გადასროლისთვის, კარგი შეფასება მივეცით. მე უკვე ვესაუბრე ჩემს მეგობარ, გენერალ ბოდემანს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მისიის ხელმძღვანელობაზეა პასუხისმგებელი. მან მითხრა, რომ ქართული კონტინგენტი პროფესიონალი სამხედროებითაა დაკომპლექტებული და ისინი სწრაფად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს. ჩვენ მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნებით“, – აღნიშნა ფონ ბუტლერმა.

ბუნდესვერის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. ამჟამად, ქართული ქვედანაყოფი ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე გადის.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედროებს გაესაუბრნენ და ხუთთვიან გადასროლსიწინა მომზადების პროგრამას გაეცნენ.

ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას გაივლის. მათ ასევე, ჩაუტარდებათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაში.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე მანავში გაიარა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ივნისიდან მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დაბა ჰოჰენფელსში გადაინაცვლებს, სადაც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელობასთან.

თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი დააკავა
შემდეგი სტატიააშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს- ტრამპის მრჩეველი