თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ პარტიის დატოვებას აპირებს

mechiauriსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ პარტიის დატოვებას აპირებს.

მეჭიაურმა “პირWელთან” საუბარში განაცხადა, რომ მას “ქართული ოცნების” ყრილობამდე შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, ის პატივს სცემს როგორც გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ყოფილ პრემიერს, თუმცა მეგობრობის გამო პრინციპულ საკითხზე აზრის შეცვლას არ აპირებს.

“გუშინ, ყრილობამდე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და შევათანხმე ეს საკითხი. არ მინდოდა რაღაც დისონანსი შემეტანა პარტიის ყრილობაზე ჩემი გამოჩენით, რადგან ფაქტობრივად, ვაპირებ, ამ კონსულტაციების შემდეგ, დიდი ალბათობით გასვლას. ამ საკითხის შეთანხმება მინდოდა, როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ პრემიერთან. ვისაუბრებ გიორგი კვირიკაშვილთანაც და ამის შემდეგ, ალბათ, მივიღებ გადაწყვეტილებას. ნათელია, რომ ჩემი და მათი ხედვები მართალია მხოლოდ ერთ საკითხზე, მაგრამ ძალიან პრინციპულზე რადიკალურად განსხვავებულია. ბევრ საკითხში ჩვენ ისევ ვრჩებით თანამოაზრეებად, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის იმდენად პრინციპულია, რომ აქ პოზიციების დაახლოება წარმოუდგენელია. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დავტოვებ პარტიას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო პერიოდს ბოლომდე არ ჩავამთავრებ და არ ავიღებ იგივე პასუხისმგებლობას, რაც ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. ვადასტურებ უდიდეს პატივისცემას ბიძინა ივანიშვილისადმი, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საქართველოს უახლოესი მომავალი, მხოლოდ მეგობრობის გამო დავთმო ჩემი ხედვა. რატომღაც მგონია, რომ ისინი არიან მძევლები იმ უცხოური გარემოცვის, რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობენ და გადაჭარბებულად აფასებენ ნატო-ში შესვლის პერსპექტივას”,-განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიThe Guardian-ი ჯამალას პორტრეტით გამოვიდა სათაურით “პუტინ, გესმის?”
შემდეგი სტატიაჩეჩნეთის უმაღლესმა მოსამართლემ კადიროვს ბოდიში მოუხადა და გადადგა