თამარ სანიკიძე: უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებ

tamar-sanikidze

უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ ცდილობს, რომ აღნიშნულ საქმეში ჩაერიოს. პირიქით, მინისტრის თქმით, საჭიროა შეიქმნას სამუშაო გარემო, რათა ყველა იმ პრობლემაზე წარიმართოს საუბარი, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში ხდება.

“არის რიგი საკითხები, რომლებიც უპრიანია გადაწყდეს იმ ლეგიტიმურ ორგანოებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს – ამ შემთხვევაში აკადემიური საბჭო. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც შესაბამისია. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებში ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას, რათა იმსჯელონ რექტორის საკითხზე, მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ სტუდენტებს. გონივრული ვადა შეიძლება იყოს ერთი კვირა, ორი კვირა, ან ერთი თვე. ამაზე დაილაპარაკებენ უშუალოდ სტუდენტებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, შეთანხმდებიან”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ დღევანდელი შეხვედრა იმის გამო დატოვა, რომ “ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა”. ამასთან, მინისტრის თქმით, დღეს თსუ-შიც გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ლადო პაპავა და აკადემიური საბჭოს წევრები დაესწრებიან. თუმცა აღნიშნულ შეხვედრას თავად განათლების მინისტრი არ დაესწრება.

განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აკადემიური საბჭოს წევრმა ნუგზარ სურგულაძემ. მან აღნიშნა, რომ სტუდენტების ერთი ჯგუფის მხრიდან რექტორის მიმართ საკმაოდ სერიოზული პრეტენზიებია, რომელთა ნაწილს ეთანხმება. სურგულაძის განცხადებით, პირადად მას მიაჩნია, რომ რექტორი ერთ შემთხვევაში გამოჩნდა, როგორც მხარე.

როგორც ცნობილია, აკადემიურმა საბჭომ რექტორის საკითხზე მსჯელობისათვის გონივრული ვადა ითხოვა, თუმცა საბჭოს წევრებს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ, რა პერიოდი შეიძლება იგულისხმებოდეს გონივრულ ვადაში.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან შეხვედრის დატოვების მიზეზი განმარტა