თამარ სანიკიძე: სტუდენტებისგან კონკრეტულ ინიციატივებს ველოდებით

tamar-sanikidze

სტუდენტებისაგან კონკრეტულ მოდელებსა და ინიციატივებს ველოდებით, რომ სამუშაო წინ წავწიოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.

განათლების სამინისტროში მინისტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის, ასევე “აუდიტორია 115”-ის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. თამარ სანიკიძის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრაზე ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომელსაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები დაეფუძნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს სტუდენტები ითხოვენ.

“პრინციპებზე შეთანხმება შედგა და მასზე იქნება მორგებული ის მოდელი, რომელსაც ახალგაზრდები შემოგვთავაზებენ. ჩვენი მხრიდან ვისაუბრეთ იმ ვადებზე, რომელიც გვჭირდება ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის დასაყენებლად და პარლამენტში გადასაგზავნად. ამდენად, ვიმსჯელეთ, რომ საკმაოდ შეზღუდული ვართ ვადებში და დროულად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. დანარჩენი საკითხები პრინციპების დონეზე შეთანხმებულია. ველოდებით სტუდენტებისგან კონკრეტულ მოდელებსა და ინიციატივებს იმისთვის, რომ სამუშაო წინ წავიგდოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. მთავარია, ვადებში ჩავეტიოთ და თვითმმართველობის არჩევნები ახალი წესით და ახალი სტრუქტურით ჩატარდეს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

თამარ სანიკიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ “აუდიტორია 115” უნივერსიტეტის თვითმმართველობის გაუქმებასაც ითხოვს. თამარ სანიკიძის თქმით, არანაირად არ იქნება პრობლემატური ცვლილებების განხორციელება, თუნდაც ამას თვითმმართველობის გაუქმება ერქვას. მინისტრის თქმით, მთავარია სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უზრუნველყოფილი იყოს და განხორციელდეს.

“როგორ და რა სახით იქნება სტუდენტების ჩართულობა, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ და ეს გვინდა მივანდოთ იმ ახალგაზრდებს, ვინც უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში, ამიტომ მე ვფიქრობ, თუ ერქმევა სხვა სახელი და არ ერქმევა თვითმმართველობა, ამით რაიმე არ დაშავდება”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში„თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ „Erasmus+“ პროგრამაში ჩაერთო
შემდეგი სტატიასავჩენკომ ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრება აუკრძალა