თამარ ჩუგოშვილი : სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღოს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ​ნარკოპოლიტიკაზე დისკუსიებმა და აზრთა სხვადასხვაობამ დიდი დრო წაიღო.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, დისკუსია იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე შეიძლებოდა რომ გაგრძელებულიყო.

„არის თემები, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით, მაგალითად ის, რომ ნარკორეალიზაცია ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია, რომელთან ბრძოლა აუცილებელია. ამაზე ბუნებრივია, არავინ დავობს. ასევე ძირითადი ნაწილი იმაზეც არ ვდავობთ, რომ ნარკოდამოკიდებულების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გამართლებული არ არის და შედეგს არ იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ზიანი და ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა შემცირდეს. არის საკითხები, რომელზეც დისკუსია უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ყველაფერი სწრაფად და კომპრომისების გზით უნდა მოხდეს. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაგვიანებამ საზოგადოების შიგნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოზიციები საკმაოდ გაამწვავა. შესაბამისად, საპროტესტო ტალღა, რომელიც ქალაქის ქუჩებში ვიხილეთ, ამის გამოძახილიც იყო. სახელმწიფოს უკვე ვალდებულება აქვს, რომ გადაწყვეტილებები უფრო ჩქარა მიიღოს და შეთანხმებამდე უფრო სწრაფად მივიდეთ, ვიდრე ეს აქამდე მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ინიცირებულ კანონპროექტთა დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თვეების განმავლობაში კომიტეტმა კანონპროექტზე ბევრი იმუშავა და ბევრი რამ პირველად ინიცირებული პროექტიდან, გადამუშავდა.

„მიდგომაა, რომ ნარკორელიზაციას ვებრძვით. თუ საჭიროა, მათშორის სასჯელებსაც ვამკაცრებთ, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებისა და იმ ზიანის შესამცირებლად, სხვა ტიპის პოლიტიკაა გასატარებელი, ეს არის კანონპროექტის სულისკვეთება. ძალიან ბევრია ისეთი საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. დაწყებული იმით, რაიმეს დეკრიმინალიზება უნდა მოხდეს თუ არა. რა არის ის მინიმალური დოზა, რის შემდეგაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, საპატიმრო თუ არასაპატიმრო. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გიორგანაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში, გადაიდო
შემდეგი სტატიაბოკუჩავა ჯანელიძეს: თუ თვლით, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, რატომ არ გადადექით მაღალი თანამდებობიდან, რომელიც მაშინ გეკავათ?