თამარ ჩუგოშვილი – პრეზიდენტი შეწყალებას ახლა თუ შეაჩერებს, კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

„სხვა ქვეყანა არ მეგულება, რომელიც ამ სტატისტიკასთან ახლოს მაინც მოვა. ეს ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგიც ვნახეთ. შეწყალებულმა პირმა უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა. ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ბუნებრივია, ამაზე დავა არც შეიძლება. შეწყალებას ახლა თუ შეაჩერებს, კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს. ეს მექანიზმი რა სახითაც პრეზიდენტის ხელში მივიღეთ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეიძლება სხვა ქვეყნებში ამის ანალოგი სადმე არის და მე არ გამიგია, მაგრამ შეწყალება ერთეულ შემთხვევებში გამოყენებული შემთხვევაა და არა ასობით, ათასობით პირის მიმართ გამოყენებული აქტი. განსაკუთრებით ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ. რატომღაც, ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ამ ფორმით გამოეყენებინა. კრიტერიუმებს შეცვლიან თუ გამოყენების პრაქტიკას, ეს მათი პრეროგატივაა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

banner
წინა სტატიაშიერევანში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება დაიწყო
შემდეგი სტატიარა ხდება საქართველო-სომხეთის საზღვარზე?!