თამარ ჩუგოშვილი : Freedom House-ის ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში ფაქტების ჩასწორება იმას ნიშნავს, რომ შეცდომები იყო გაპარული, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს, რაც კარგია, რადგან ფაქტობრივი უზუსტობები ჩასწორდა.

„ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ სამომავლოდ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა მსგავს არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით არასწორი დასკვნები არ იქნას გამოტანილი. ჩასწორების ფაქტი მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატის შეფასებით, „ფრიდომ ჰაუსი“ საკმაო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა და უმეტესწილად ძალიან კომპეტენტურად მუშაობს, თუმცა მისი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ფაქტობრივი უზუსტობები და შეცდომები იყო დაშვებული.

„ეს გასწორებაც ამას ადასტურებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავად დასკვნის არასწორობას ან უზუსტობას აღარ შეუწყობს ხელს“, – დასძენს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა.

banner
წინა სტატიაშიეს არის მრევლის დაკმაყოფილებისთვის გაწეული სამსახური – მამა მიქაელ ბოტკოველი
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ