თამარ ჩუგოშვილი : დღევანდელ კონსულტაციებზე მინისტრობის კანდიდატებზე არ ვმსჯელობთ, განიხილება მხოლოდ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხი

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები დღეს დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს.

ჩუგოშვილის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილება ის, თუ რა ფორმით იქნება ყველაზე ეფექტიანი და სწორი სხვადასხვა უწყების ოპტიმიზაცია.

მისი თქმით, დისკუსიის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ზუსტად რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის წევრების შეხვედრა. ჩვენს შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მთავრობის და პარლამენტის ეფექტიანი ურთიერთობა და ეს შეხვედრაც ამ მიმართულებით სწორად გადადგმული ნაბიჯების კარგი მაგალითია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრობის ახალ კანდიდატურებსა და კონკრეტულ სახელ-გვარებზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ იმის განხილვას, სტრუქტურულად სწორად როგორ იქნება მთავრობის ჩამოყალიბება, რა უწყებები გვჭირდება, რომ მივაღწიოთ მიზანს, რომელიც გუშინ გაცხადდა. მიზანი არის კონკრეტული – გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსახლეობის მიერ სერვისების მიღების დრო შემცირდეს, მუშაობა იყოს ბევრად ეფექტიანი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ მხრივ არის გარკვეული სირთულეები, როცა სიახლეების აღსრულება ჭიანურდება. ამასთან, პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, მთავარია, აღსრულება ეფექტიანი იყოს.

მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(video) მთავრობის ადმინისტრაცია სამთავრობო ცვლილებებზე შეხვედრის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატია“კერენსკის დროებით მთავრობა” – გრიგოლ ვაშაძე ახალ სამთავრობო გუნდზე