თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე პაატა მჭედლიძე დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ყალბი მინდობილობა დაამზადა, რომელიც თითქოს გაცემული იყო ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ზვოლეში.

“აღნიშნული ყალბი დოკუმენტით მჭედლიძე ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა უფლება, განეკარგა ეგვიპტის მოქალაქეების კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტაციით ბრალდებულმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება და თაღლითურად დაეუფლა 80 000 აშშ დოლარს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პაატა მჭედლიძემ ანალოგიური თაღლითური სქემით და გაყალბებული დოკუმენტებით სცადა საბერძნეთისა და ეგვიპტის მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჩუქების ხელშეკრულებით, შემდგომში გაყიდვის მიზნით, თუმცა საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მორიგი მცდელობა აღკვეთა და ბრალდებული დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო გზებზე კვლავ შეზღუდვებია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა