ტერაქტის საქმეზე კონტრდაზვერვის ინფორმატორი – ბექა ბექაური, სავარაუდოდ თურქეთიდან, 50 ათას დოლარს ელოდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმატორის მტკიცებით, საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენ მილზე დაგეგმილი დივერსიული აქტის მოწყობაში მონაწილეობა მასაც შესთავაზეს.

აღნიშნული ინფორმატორის ჩვენებას, რომელიც საქმეში გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
როგორც ინფორმატორი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ბექა ბექაურთან კავშირზე, ვლადიმერ რუხაძის დახმარებით გავიდა, რომელსაც ის ”ზებოს” სახელით იცნობდა.

”ზებო” გავიცანი ინტერნეტით. ის ეხმარებოდა უკრაინაში საომრად ჩასულ ქართველ მეომრებს. მასთან მქონდა მიწერ-მოწერა და ”ზებოს” პირადად გადავეცი სამი წყვილი სამხედრო ფორმა. მე ”ზებოს” მეშვეობით დავუკავშირდი ბექა ბექაურს, შევხდი და მან მითხრა, რომ აპირებდა დივერსიული აქტების განხორციელებას. საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე-მეთქი? ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დივერსიული აქტის განხორციელებას აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე, დაუსახლებელ პუნქტებში. სოფელ საგურამოსა და სოფელ ჭოპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე ღიად გამავალ გაზსადენზე. შემომთავაზა მის მიერ დაგეგმილ დივერსიაში დახმარება და დაამატა, რომ აფეთქებისთვის საჭირო მასალა ჰქონდა, მის ჯგუფს მოწყობილი აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სამალავი. ჩემი ვარაუდით, ბექაურმა ”ზებოსგან” იცოდა, რომ საინჟინრო საქმიანობაში ვერკვეოდი პროფესიონალურ დონეზე და მქონდა გარკვეული გამოცდილება, ამიტომ მთხოვეს დივერსიის მოწყობაში დახმარება”, – ნათქვამია ინფორმატორის ჩვენებაში.

როგორც მოწმე აღნიშნავს, ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა მას სთხოვა, რომ პირადად ენახა მათ მიერ შერჩეული ადგილი და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

”თავიდან ეჭვი მეპარებოდა მათი მიზნის რეალობაში, მაგრამ დამარწმუნა, რომ ჰქონდა იარაღის სამალავი და რამდენიმე პარტნიორი იყო მის გვერდით, მათ შორის შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, თუმცა მისი ვინაობა არ უთქვამს. საუბრის დროს ვკითხე, თუ ვის შეკვეთას ასრულებდა და ვისგან ფინანსდებოდა? ბექაურმა ამ კითხვაზე დაულაგებელი პასუხი გამცა, თუმცა დააკნონკრეტა, რომ ელოდებოდა საზღვარგარეთიდან 50 ათას დოლარს და როგორც საუბრისას წამოსცდა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან”, – წერს ჩვენებაში მოწმე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქება 22 აგვისტოს აღკვეთა.

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს – მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

banner
წინა სტატიაშიერაყმა საუდის არაბეთს ბაღდადში ელჩის შეცვლა სთხოვა
შემდეგი სტატია“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან დღეს ისევ შეიკრიბებიან