ტექნიკური უნივერსიტეტი „საქართველოს ფოსტისთვის“ კადრებს მოამზადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, საფოსტო საქმიანობის შესწავლას დაიწყებენ. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.


„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გარანტია იმისა, რომ საქართველოს ეყოლება კარგი სპეციალისტები. „საქართველოს ფოსტა“ ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, სერიოზული დამსაქმებელი, ბატონ ლევანს აქვს ფოსტის განვითარების სერიოზული კონცეფცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოამზადებს კადრებს, ჩვენ გვაქვს სერიოზული კვლევითი პოტენციალი, გვყავს პროფესორები, მკვლევარები, რომლებიც ჩაერთვებიან „საქართველოს ფოსტის“ განვითარებაში. „საქართველოს ფოსტასთან“ ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებს შექმნის. ჩვენთვის საინტერესოა ამ ჯგუფთან მუშაობა და ვუსურვებ მათ წარმატებებს“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საფოსტო საქმიანობა. „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება-განხორციელებაში. დაიგეგმება და ჩატარდება შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები და ტრენინგები, ასევე „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.
„საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე საქართველოში, შესაბამისად, ქვეყანაში გვეყოლება სპეციალიზებული კადრები, რომლებიც დღეისთვის საკმაოდ დეფიციტურია. საფოსტო საქმიანობა საქართველოს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, თუმცა, თუ გადავხედავთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს, საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია. ეს სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, ვინაიდან არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმიანობით, საფოსტო საქმიანობა ავტომატურად გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები კი მოითხოვს შესაბამის სტანდარტებს. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობდა არც ერთი სახელმძღვანელო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე საფოსტო ბიზნესის განსახორციელებლად. ამიტომ, ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შევქმენით სახელმძღვანელოები, რომელთა მეშვეობით ჩვენთან დასაქმებულებს ვასწავლით. რაც მთავარია, ეს მასალა სრულად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს და შესაბამისად, მიღებული ცოდნის გამოყენებას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შეძლებენ“, – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.

 

მაკა სვიმონიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშილეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიაუკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა