ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული განათლების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრისა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრა, რომელიც 2018/19 სასწავლო წლისთვის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო რეგისტრაციის დაწყების პარალელურად შედგა, მიზნად ისახავს, კომპანიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ლევან კლიმიაშვილმა გახსნა და საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ისეთ სპეციალობებზე ისაუბრა, რაც სადღეისოდ, ბაზრის მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტურია, რადგან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური გადამზადების ცენტრის ამოქმედებით სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) გენერალურმა მენეჯერმა, ვიქტორ ბარამიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „BP საქართველოს“ ერთობლივი ინიციატივით შემუშავებულ, MCA-საქართველოს მიერ მხარდაჭერილ ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი და შესაბამისად, ტექნიკური გადამზადების ცენტრი ბიზნესსექტორთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს თანამშრომლობას.

როგორც „BP საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი გონგლიაშვილმა აღნიშნა, ბრიტიშ პეტროლიუმი 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ოპერირებას უწევს ნავთობისა და გაზის მილსადენებს. კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ტექნიკური უნარებისა და თეორიული ცოდნის მქონე ახალგაზრდა პროფესიული კადრების არსებობა. საქართველოს ბაზარზე აღნიშნული დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სწორედ „BP საქართველო“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ტექნიკური გადამზადების ცენტრის დაარსების პროექტის ინიციატორია. ამ მიზნით, „BP საქართველომ“, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პროექტის თანადაფინანსება უზრუნველყო.

გერმანული კომპანიის – FESTO Didactic-ის წარმომადგენელმა, შტეფან მეინინგმა სტუ-ს ტექნიკური გადამზადების ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული და ავტომატიზებული ტექნოლოგიების გლობალური მწარმოებელი FESTO, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ტექნიკური გადამზადების ცენტრთან პარტნიორობის ფორმატში, უკვე ახლო მომავალში, საწარმოო ბაზაზე დაფუძნებული ტრენინგპროგრამების განხორციელებისთვის სრულყოფილ გარემოს უზრუნველყოფს.

გერმანული კომპანიის – CCI Academy Munich & Upper Bavaria GmbH-ის წარმომადგენელმა, კნუტ გერბერმა გერმანიისა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატების საქმიანობა მიმოიხილა და სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრს პროფესიული სწავლების განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა, კატია კამერერმა აღნიშნა, GIZ-ი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას დუალური სწავლების მეთოდზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებაში. მისი თქმით, დუალური სწავლება უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას, რომელსაც, სამომავლოდ, ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი ექნება.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სხვადასხვა კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის: ცენტრის კურსდამთავრებულთათვის კომპანიებში პრაქტიკის გავლა შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, კომპანიების ინტერესებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიების თანამშრომლებისთვის ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსების მომზადება და კომპანიებთან თანამშრომლობით, ახალი დუალური პროგრამების შემუშავების პერსპექტივა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენმა რომან ფიფიამ BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო
შემდეგი სტატიასასამართლოებში გადატვირთულობის გამო, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს