TDI ლევან იზორიას პოზიციას გმობს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან იზორიას ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„29 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებისა და ე.წ. „ოდეერის“ საკითხზე მსჯელობისას განაცხადა: „როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები?“. იზორიას თქმით, როცა ის ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა იყოს ე.წ. „ოდეერი“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სივრცე უსაფრთხო და დაცულია.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა.

უცხოელი სტუდენტების, მათი რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნით სახელმწიფო უშიშროებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხირდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის; შუღლის გაღვივების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წახალისების მაღალ რისკს შეიცავს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდება.

დამაფიქრებელი და საგანგაშოა ასევე ის გარემოებაც, რომ იზორიას განცხადება ბოლო პერიოდში სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოხატულ თითქმის იდენტური შინაარსის პოზიციას იმეორებს. 11 მარტს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ოფიცრის არსებობა კონტრსადაზვერვო ფუნქციებით გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი უცხოელი სტუდენტებისგან ადგილობრივი სტუდენტების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების საფრთხის თავიდან არიდებას ემსახურებოდა.

აქედან გამომდინარე, ქსენოფობიური დამოკიდებულება და უცხოელი სტუდენტების საფრთხედ წარმოჩენა, შესაძლოა, ხელისუფლების სწორედ გააზრებულ პოლიტიკას წარმოადგენდეს.

TDI გმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას პოზიციას და მოუწოდებს მას მოიხადოს ბოდიში.

ასევე მოუწოდებს, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისადმი და პოლიტიკა ამ კუთხით, კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართოს“, – წერია არასამთავრობოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილზე შეიტანეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს შეხვდა