„ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?!“-რომან გოცირიძე ზოიძეს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის მიერ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გოცირიძე მმართველ გუნდს კითხვით მიმართავს – „რა ეღირება სანთელი ტაძრამდე მისვლისას და როგორი იქნება ლარის კურსი“.

დეპუტატი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს “ოცნებების სასაფლაოს” უწოდებს და განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეუქცევადმა პროცესმა მესაფლავის როლი ითამაშა.

„გუშინ განაცხადეს, რომ ამ ბიუჯეტს ტაძრისკენ მივყავართ. მინდა შევეკითხო – კი, მაგრამ ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება, ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ?! მე რომ ვმართავდე ლარს, გეტყვით რამდენი იქნება – 1,65. სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ „ოცნების“ პროგრამა უკვე დასაფლავდა. ეს ოცნებების სასაფლაოა, რომელიც ამ ბიუჯეტში არის წარმოდგენილი იმიტომ, რომ რეალურად, ლარმა მესაფლავის როლი ითამაშა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის ხუთი პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.6599 ლარი ეღირება. გუშინდელი კურსით კი, მისი ფასი 2.6154 ლარი იყო.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც უფასურდება. ზოგიერთ კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტის ფასი უკვე 2.71 ლარს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაშეუძლებელია, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება სერიოზულად აღიქვა – კახიძე