სუს-მა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს – მერი მთიულიშვილს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და გადასცა მოქალაქეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მთიულიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შალვა გოგოჭური პასუხისგებაში მიეცა და მას წარედგინა შესაბამისი ბრალდება.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისამაშველო ოპერაცია დასრულდა – ოთხივე მეშახტე დაღუპულია
შემდეგი სტატიაგამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი – გიორგი გახარია მეშახტეების დაღუპვაზე