სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1979 წელს დაბადებული მირიან ბ, 1971 წელს დაბადებული კონსტანტინე ბ. და 1976 წელს დაბადებული იოსებ ჩ. დააკავეს.

აღნიშნული პირები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 – ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება – ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო გამოსვლისთვის ემზადება